ფეხბურთი

2:15 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორიდან სამი - "ბარსელონა" ფინალშია (+VIDEO)

კატალონიის „ბარსელონა“ სამეფო თასის ფინალშია. „ელ კლასიკოს“ მეორე რაუნდი „ბლაუგრანას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა თამაშის შემხედვარე ამის თქმა ძნელი იქნებოდა.

თავიდან ის ვთქვათ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ პირველი შეხვედრა კატალონიაში ფრედ (1:1) დასრულდა, რაც სანტიაგო სოლარის გუნდის შანსს მცირედით, მაგრამ მაინც ამყარებდა. თამაშიც მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებით ვინისიუს ჟუნიორი აქტიურობა, თუმცა ახალგაზრდა ბრაზილიელი თუ ეპიზოდის დასაწყისში შესანიშნავად მოქმედებდა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან სცოდავდა.

საპასუხოდ, „ბარსას“ არაფერი გამოსდიოდა. ლეო მესი ჩრდილში იყო - მადრიდელებმა კატალონელთა კაპიტანი გაანეიტრალეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ იყო. ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში კი „ბარსამ“ კარში პირველად დაარტყა და დაწინაურდა. ეს 50-ე წუთზე მოხდა, როცა ლუის სუარესმა დასწრებაზე ჩინებულად იმოქმედა და კეილორ ნავასს ახლო კუთხეში გაუტანა. ეს იყო „ბლუგრანას“ პირველი დარტყმა კარში და გოლიც გავიდა.

„რეალისთვის“ ამოცანა შეიცვალა - გოლი აუცილებლად უნდა გაეტანა და თან არ გაეშვა. „სამეფო კლუბი“ განაგრძობდა შეტევაში აქტიურობას, მაგრამ ამაოდ. ვინისიუსი ისევ ახლოს იყო მიზანთან, როდესაც სტუმართა მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა, მაგრამ კარში ვერ მოახვედრა ბურთი. ერთხელ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გამოავლინა საოცარი რეაქცია. მერე კი, „ბარსამ“ მეორეც გაიტანა. სწრაფი კონტრშეტევა უსმან დემბელეს კარის გასწვრივ გაკეთებული გადაცემით და რაფაელ ვარანის ავტოგოლით დასრულდა. ცხადი იყო, რომ „რეალი“ თამაშის შემოტრიალებას ვერ შეძლებდა. მალევე, სუარესი კაზემირომ წააქცია საჯარიმოში და პენალტი დაინიშნა. მესიმ ურუგვაელს დაუთმო დარტყმა და „ელ პისტოლერომაც“ აუღელვებლად, პანენკას სტილში გაიტანა - 0:3.

თამაშიც აქ დასრულდა. სხვათა შორის, „ბარსელონამ“ კარის ჩარჩოში სულ რაღაც ორჯერ დაარტყა, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია, რომ სამი გოლი გაეტანა (კარისკენ ჯამში სამჯერ). „ბარსა“ ფინალშია და მეტოქეს ელოდება.

მეტოქე, რომელიც 28 თებერვალს გაირკვევა. „ვალენსია“ „მესტალიაზე“ „ბეტისს“ ხვდება და პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. თუმცა, სევილიელთა მოტივაციაც განსაკუთრებულია, რადგან 25 მაისს, ფინალი სწორედ მათ საშინაო არენაზე, „ბენიტო ვილამარინზე“ გაიმართება.

ცნობისთვის, „ბარსელონა“ მიჯრით მეექვსედ გავიდა სამეფო თასის ფინალში და ასეთი შედეგი ისტორიაში არცერთ ესპანურ გუნდს არ ჰქონია. გულშემატკივარს კი წინ კიდევ ერთი "ელ კლასიკო" ელოდება. 2 მარტს, გუნდები ისევ მადრიდში გაეჯიბრებიან ერთმანეთს ამჯერად ლა ლიგაში და "რეალს" რევანშისთვის კარგი შანსი ექნება. სხვა თუ არაფერი, "ბლანკოსმა" მიმდინარე სეზონში სამი "ელ კლასიკოდან" ვერცერთი მოიგო (1 ფრე, 2 წაგება)....

„რეალი“ – „ბარსელონა“ 0:3 (0:0)

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი; მოდრიჩი, კაზემირო (ვალვერდე 75), კროოსი; ვასკესი (ბეილი 68), ბენზემა, ვინისიუსი (ასენსიო 81)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; სერხი რობერტო, ბუსკეტსი (არტური 86), რაკიტიჩი; მესი, სუარესი (ვიდალი 78), დემბელე (კოუტინიო 75)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 სუარესი (50), 0:2 ვარანი (69, ა.გ), 0:3 სუარესი (73, პენ)

გაფრთხილება: ვასკესი (58), კაზემირო (72) - ბუსკეტსი (65), სემედუ (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 3 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ხოსე სანჩესი

0.106577