ჩოგბურთი

23:30 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მორიგი მეტოქე ჩორიჩია

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ბორნა ჩორიჩი იქნება.

ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში, მე-6 ნომრად განთესილმა 22 წლის ხორვატმა ჩოგბურთელმა 33 წლის ჩეხი ტომაშ ბერდიხი 1:6, 6:1, 7:6 (7:4) დაამარცხა.
ბასილაშვილსა და ჩორიჩს 4-ჯერ უთამაშიათ და ჯერჯერობით, თანაფარდობა აქვთ. 2017 წელს, ლიონისა (საფრანგეთი) და ცინცინატის (აშშ) ტურნირებზე ნიკამ, შესაბამისად, 6:4, 5:7, 6:4 და 6:3, 7:6 (7:5) მოიგო, შარშან კი, უპირატესობა ბორნას ჰქონდა – 6:1, 6:3 – დოჰაში (ყატარი) და 6:4, 6:2 – ჰალეში (გერმანია).
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა დუბაიში გზიდან მე-4 რეიტინგის მქონე რუსი კარენ ხაჩანოვი (6:4, 6:1) და ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (6:7, 6:4, 6:3) ჩამოიცილა, ჩორიჩმა კი პირველ წრეში კიდევ ერთი ჩეხი ირჟი ვესელი დაამარცხა – 7:5, 3:6, 7:6 (7:4).

DUBAI DUTY FREE TENNIS CHAMPIONSHIPS-ის მეოთხედფინალები ხვალ, 28 თებერვალს, ცენტრალურ კორტზე შედგება. თბილისის დროით 15:00 საათზე საქმეში გაელ მონფილსი (საფრანგეთი) და რიკარდას ბერანკისი (ლიტვა) ჩაებმებიან, შემდეგ კი კორტზე ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი) და სტეფანოს ციციპასი (მე-5 განთესვა, საბერძნეთი) გავლენ.
მესამე მეოთხედფინალი, რომელშიც ერთმანეთს როჯერ ფედერერი (მე-2, შვეიცარია) და მარტონ ფუჩოვიჩი (უნგრეთი) გაეჯიბრებიან, სტარტს 19:00 საათამდე არ აიღებს, მის მერე კი, დღის ბოლო შეხვედრად, სწორედ ბასილაშვილისა და ჩორიჩის შერკინებაა დაგეგმილი.
თუკი ნიკოლოზმა მორიგ წარმატებას მიაღწია, 180 სარეიტინგო ქულა ერგება, ლაივ-რეიტინგში 1955 ქულა მოუგროვდება და მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზე გადაინაცვლებს.

0.110204