საქართველოს ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ქუთაისის გუნდის გამოსვლას ასე აფასებს ახლო წარსულის იქაურთა სახელოვანი მსროლელი, ახლა კი მწვრთნელი ნინო უჩაძე:
"ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ ბიჭებში იოანე ხვარეშიამ კარგი შედეგი აჩვენა და მეორე ადგილზე გავიდა. იქნებ ზოგადად, ამ ეტაპზე ძალიან დიდი შედეგი არაა, მაგრამ საქართველოს დონეზე ახალგაზრდებში, ფაქტია, რომ არის. ნიჭიერი ბიჭია და მასზე მწვრთნელები დიდ იმედებს ვამყარებთ. ბავშვები ხედავენ ფედერაციის ძალისხმევას და დიდი სტიმული აქვთ, რომ მეტი იმუშაონ, მეტი ივარჯიშონ და ამ მონდომების შედეგსაც ვხედავთ. მწვრთნელებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, დილიდან საღამომდე მუშაობენ - უშანგი დინგაშვილი, როლანდ გირგვლიანი, თემურ კვანტალიანი თუ სხვები დამსახურებული მწვრთნელები არიან. მეც მათთან ერთად ვარ და გვიმართლებს, შრომა არ იკარგება - რაც მეტს ვმუშაობთ, შედეგებიც იზრდება.
რაც შეეხება ჩვენს გოგოებს - ლიზი კილაძეს და ნინო ხუციბერიძეს, რომლებიც ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები არიან, თანდათან წინ მიიწევენ და დიდ წარმატებებს ვუსურვებ. უკვე დაიწყო სალიცენზიო მარათონი და მეიმედება, რომ ქუთაისს ერთი ლიცენზია მაინც ექნება, თუმცა მე ორს ვგეგმავ".
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური