ნინო სალუქვაძის ტირში დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. მისი შეფასება თავად ნინო სალუქვაძეს ვთხოვეთ:
"საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილი არა ვარ, რადგან არ იყო კარგი შედეგები. ალბათ, ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ ახალი ჩამოსულები ვართ საფრანგეთიდან, სადაც ორ შეჯიბრებაში იასპარეზეს და გადაიღალნენ. უფრო - ემოციურად, რადგან თითო ფინალის გაძლება ძალიან ძნელია. თუმცა ვამაყობ, რომ ჩვენი სპორტსმენები - უფროსებიც და ახალგაზრდებიც მიუნხენშიც და საფრანგეთშიც კარგად გამოვიდნენ და მედლებიც მოიპოვეს.
საქართველოს ჩემპიონატში გამოვლინდნენ კარგი ახალგაზრდები. უფროსებში შედეგით ვერ გამოვარჩევ ვერავის, მე კი არა უშავს ვისროლე.
ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ბაქოში მივდივართ შეკრებაზე, სადაც ის შვიდეული ვივარჯიშებთ, რომელიც მარტში ევროპის ჩემპიონატზე გამოვა ხორვატიაში. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და გვაწყობს იქ ვარჯიში. თებერვალში გამოვტოვეთ ინდოეთის მსოფლიოს თასი, რადგან არ გვაქვს ღია სასროლეთი და სპორტულ პისტოლეტში ვერ ვემზადებოდით. ამიტომ არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ამხელა გზაზე წასვლა და ვარჩიეთ ევროპის პირველობისთვის მომზადება".
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური