ფეხბურთი

0:48 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა

სამწუხარო ამბავი გავრცელდა გუშინ ქალაქში: 52 წლისა, გარდაიცვალა თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი, მამუკა ფანცულაია. გულმა უმტყუნაო, ამბობენ...

უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელიც „დაკარგულ თაობას“ ეკუთვნოდა.

პირველად მის შესახებ 1985 წელს გავიგეთ, როცა საბჭოთა კავშირის 18 წლამდელთა ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონობა მოიპივა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. შუა ხნის გულშემატკივრებს კარგად ეხსომებათ ის შესანიშნავი გუნდი, რომელშიც ფანცულაიას გარდა კიდევ სამი ქართველი: ზაზა რევიშვილი, ალეკო კანტიძე და ვასილ მიქაშავიძე თამაშობდნენ. ჩვენს “დინამოს“ მაშინ კარგი დროება არ ედგა და ამ ოთხეულის გამოჩენამ, დიდი იმედი ჩაუსახა ქომაგს.

მამუკა „დინამოშიც“ გამორჩეული გახლდათ. ჟინიანი, ტექნიკური, ეფექტური. 20 წლისაც არ იყო, მის მინდორზე გამოჩენას გულშემატკივრები სიხარულით ელოდნენ ხოლმე. იცოდნენ, ერთს „ისეთს“ მაინც გააკეთებდა, რისი გულისთვისაც დადის ქომაგი სტადიონზე. თითქოს ცეკვავსო. ისე, ბავშვობაში კარგი მოცეკვავეც ყოფილა, მაგრამ ფეხბურთმა გადაძალა. გიო ქინქლაძის არ იყოს.

1987 წლის დეკემბერი იყო. „დინამო“ უეფას თასის მერვედფინალში „ვერდერს“ ხვდებოდა. ბრემენში 1:2 წაგვეგო და თბილისში, საპასუხო შეხვედრაში, წარმატება წარმოუდგენელი სულაც არ ჩანდა. როცა მამუკა მინდვრის კიდეზე გამოჩნდა (ზაზა რევიშვილი შეცვალა მაშინ), სტადიონის ვეება ჯამი ოვაციებისგან კინაღამ დაინგრა. მალევე ისეთები აკეთა, მრისხანე „ვერდერის“ დაცვას სულ ბდღვირი ადინა. გამოცდილება არ ეყო. ის თამაში ვერ მოვიგეთ და შემდგომ ეტაპზე გერმანული კლუბი გავიდა, მაგრამ მაშინდელი ფანცულაია სამუდამოდ დარჩა მეხსიერებაში.

მერე დრო გაფუჭდა. ომებს გაჭირვება დაერთო, ქვეყანა აირია და ამ უნიჭიერესმა ბიჭებმა დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს. ამიტომაც ეძახიან „დაკარგულ თაობას.“

ეროვნულ ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდებში მოუწია გარჯა: ქუთაისის „ტორპედო,“ რუსთავის „გორდა,“ თბილისის „შევარდენი“ და ბოლოს ზუგდიდის „ოდიში“...

საქართველოს პირველი ჩემპიონატის მთავარმეგოლეც გახდა გია გურულთან ერთად. 1990-ში, ლიტვასთან საქართველოს ნაკრების პირველ ისტორიულ მატჩშიც ითამაშა (2:2). მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორია იყო.

მწვრთნელობაშიც სცადა ბედი. „ოლიმპის“ აკადემიის დამრიგებელი გახლდათ და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ნაკრების ლიდერის, თორნიკე ოქრიაშვილის აღზრდაში.

ახალ თაობას მისი ვაჟი უკეთ ეცოდინება. გიორგი ფანცულაიას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც გამოუჩენია თავი. ამჟამად საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელია. ახლახან გადავიდა „სამტრედიიდან.“

სტადიონის მახლობლად ცხოვრობდა. დიდუბელი ბიჭი იყო. მართალი, გულიანი.

ცოტა ხნის წინათ ბაბუაც გახდა. უბედნიერესი დადიოდა...

„მსოფლიო სპორტის“ რედაქცია სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

0.113134