კალათბურთი

20:55 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რა გზაა გასავლელი ევრობასკეტ-2021-ზე მოსახვედრად?
ქართველი კალათბურთელები საკვალიფიკაციო ციკლში შემოდგომიდან ჩაებმებიან

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა, მორიგ სამიზნედ კი ევროპის პირველობის საგზურის მოპოვება სჩანს.
შეგახსენებთ, რომ ფიბა-ს გადაწყვეტილებით, ევრობასკეტი უკვე ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამგვარად, შემდეგ ტურნირს 2021 წელს უნდა ველოდეთ, მისი დასკვნითი საკვალიფიკაციო ტურნირი კი წლეულს შემოდგომაზე დაიწყება.
ვფიქრობთ, ქართველ ქომაგს დააინტერესებს იმ გზის გაცნობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად უნდა გაიაროს. ვეცდებით, ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის კვალიფიკაციის არსში სრულად გაგარკვიოთ.
2021 წლის ტურნირის საგზურისთვის ბრძოლა ევროპის უსუსტესმა ნაკრებებმა ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში დაიწყეს. კვალიფიკაციის პირველმა რაუნდმა, რომელშიც სლოვაკეთი, ალბანეთი, კვიპროსი, მაკედონია, სომხეთი, პორტუგალია, შვეიცარია, დანია და ლუქსემბურგი ჩაებნენ, ასეთი შედეგები მოიტანა.

ამგვარად, მე-2 რაუნდში მაკედონიამ, დანიამ, პორტუგალიამა და საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსის მქონე კვიპროსმა (სომხეთი ჩაანაცვლა, რომელმაც ასპარეზობის გაგრძელებაზე უარი ფინანსური პრობლემების გამო თქვა) გააღწიეს და იმ 8 გუნდს (შვედეთი, ბელარუსი, რუმინეთი, კოსოვო, ბელგია, ისლანდია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი) შეუერთდნენ, რომლებმაც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საწყისი ჯგუფური ეტაპი ვერ დასძლიეს.

ჯგუფების გამარჯვებულები შვედეთი, მაკედონია, ბელგია და ავსტრია ევრობასკეტის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ, სადაც ავტომატურად მოხვდა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები:
ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიტვა, მონტენეგრო, ჰოლანდია, პოლონეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინა.
ტურნირის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ 4 საგზური იმ უსუსტეს გუნდებს შორის გათამაშდება, რომლებმაც პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპებზე ვერ იყოჩაღეს.

ამგვარად, საბოლოო კვალიფიკაციისთვის 32 ნაკრებს მივიღებთ, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან, ფინალურ ეტაპზე კი სამ-სამი საუკეთესო ანუ 24 ნაკრები გავა. შესარჩევი მატჩებისთვის 4 ფანჯარაა გამოყოფილი: 25 ნოემბერი-3 დეკემბერი (2019 წელი), 17-25 თებერვალი (2020), 3 ნოემბერი-1 დეკემბერი (2020), 15-23 თებერვალი (2021).
და სად გაიმართება ევრობასკეტ-2021? მოგეხსენებათ, ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ტურნირი ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში ტარდება და დიდი ალბათობით, გამონაკლისი არც მომდევნო შეჯიბრი იქნება.
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მიღების სურვილის შესახებ გაცხადებული აქვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, თუმცა, ამ მხრივ, კონკრეტულად რა სამუშაოები ხორციელდება, ჩვენთვის, უცნობია.
ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში ტურნირის მასპინძლობაზე ერთობლივი პრეტენზია იტალიამ, საფრანგეთმა და საბერძნეთმა განაცხადეს, თუმცა, ნოემბერში იტალიელებმა მოლაპარაკებები უკვე ესპანეთთან წამოიწყეს და პირენეელთა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ხორხე გარბახოსასგან წინასწარი თანხმობაც მიიღეს. არსებული ინფორმაციით, აპენინელები ჯგუფური ეტაპის მიღებას ბოლონიაში აპირებენ, ფინალურ ეტაპს კი ტურინი უმიზნებს.
არსებობს ვარაუდი, რომ ევრობასკეტის ერთობლივად ჩატარებაზე განაცხადს ჩეხეთი, პოლონეთი, გერმანია და შვედეთიც შეიტანენ.

0.116712