ფეხბურთი

16:38 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

640 დღის შემდეგ - სინათლე გვირაბის ბოლოს

გიორგი მაკარიძის უიღბლო პერიოდი როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა. ქართველმა მეკარემ პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მორიგ ტურში 90 წუთი ითამაშა.

„ვიტორია სეტუბალი“, რომლის ღირსებასაც ჩვენებური იცავს, საკუთარ მოედანზე „გიმარაეშს“ დაუზავდა - 1:1. გიორგი 90 წუთი იყო მინდორზე და გაშვებულ გლში ბრალი არ მიუძღვის.

ნიშანდობლივია, რომ მაკარიძემ უშუალოდ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 640-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. ბოლოს ხსენებულ ჩემპიონატში 2017 წლის 21 მაისს, „მორეირენსესა“ და „პორტუს“ (3:1) მატჩში ითამაშა. თითქმის ორწლიან შუალედში 2 თამაში გახლდათ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც „რიუ ავეს“ კარს იცავდა პოლონური „იაგელონიას“ წინააღმდეგ.

კარგია, რომ მაკარიძე დაბრუნდა. მოგეხსენებათ, ჩვენებური „სეტუბალს“ ერთი თვის წინ შეუერთდა. სანაკრებო მატჩებიც ახლოვდება და ვლადიმირ ვაისს ექნება საფიქრალი - ორი მეკარე სათამაშო პრაქტიკით ნორმალური ლიდებიდან, უკვე კარგია.

"სეტუბალს" კი, 23 ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

0.1116