ფეხბურთი

2:59 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" გამარჯვება ზღაპარში

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის მეორე სათამაშო დღე საინტერესო და დრამატული გამოდგა. „რომამ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ადგილთან ჩამორჩენის გაზრდის შესაძლებლობა კონკურენტ „მილანს“ არ მისცა.

იქამდე, სანამ „ჯალოროსი“ ზღაპარში მოიგებდა, ტურინში გაიმართა საინტერესო მატჩი. „ტორინომ“ „ატალანტას“ უმასპინძლა. ბერგამოელთა ძალა ბოლო წლებში და მიმდინარე სეზონშიც ბევრმა იწვნია საკუთარ თავზე, ხოლო „ტორინო“ ბევრისთვის მოულოდნენად ნელ-ნელა ეშმაკურად მიიპარება ევროზონისკენ. მაგალითისთვის ვალტერ მაძარის გუნდს 25 ტურში ოდენ 5 წაგება აქვს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ „იუვეს“, „ნაპოლისა“ და „მილანს“ ჩამოუვარდება.

ჰოდა, “ხარებმა“ ბერგამოელები მიიღეს და შანსიც არ დაუტოვეს. არმანდო იცომ და იაგო ფალკემ ლომბარდიელთა კარი თითო ტაიმში თითოჯერ დალაშქრეს და მორიგი გამარჯვება. ამასობაში „ტორინო“ სწორედ „ატალანტას“ გაუტოლდა და მეშვიდე ადგილამდე მიაღწია. ვნახოთ, როდემდე გაგრძელდება ტურინელთა ჩინებული გამოსვლა კალჩოში.

მერე კი იყო საოცარი მატჩი ფროზინონეში. „ბენიტო სტირპეზე“ „რომა“ აშკარა ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ მალევე გაუშვა. რობინ ოლსენმა საოცარი შეცდომა დაუშვა (უკვე მერამდენე მიმდინარე სეზონში) და მასპინძლები წინ გავიდნენ. ეუსები დი ფრანჩესკოს გუნდს თუ გაისად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა, ფეხის დაცდენის უფლება პრაქტიკულად აღარ აქვს. ვინაიდან, „მილანი“ ჩინებულ ფორმაშია და ქულების დაკარგვას ალბათ აღარც აპირებს. ამიტომ, როამელებმა შეტევაში დაიწყეს ბედის ძიება და ორ წუთში ორჯერ გაიტანეს. ჯერ ედინ ჯეკომ გაათანაბრა, მერე სტეფან ელ შაარავის დარტყმულსა და მეკარის მოგერიებულს ლორენცო პელეგრინიმ დაამატა. ტაიმიც ასე დასრულდა და კარგა ხანს არც არაფერი იცვლებოდა. „რომა“ მეორე ტაიმში შეტევაზე საერთოდაც არ ფიქრობდა. ამასობაში ბარონის გუნდს ქულები რომ ჰაერივით სჭირდებოდა ნათელი გახლდათ და მე-80 წუთზე საწადელსაც მიაღწიეს. პინამონტიმ გაათანაბრა, რომაელთა მდგომარეობა დამძიდა. მთავარის მსაჯის ბოლო დამატებული წუთი მიმდინარეობდა, ჯეკომ დუბლი რომ გაიფორმა და „ჯალოროსიმ“ მაინც მოიგო - 2:3. ზღაპარში, მაშინ, როცა ყველას ყველაფერი დასრულებულა ეგონა. ამგვარად, „რომა“ „მილანს“ ისევ 1 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

„ტორინო“ – „ატალანტა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 იცო (42), 2:0 იაგო ფალკე (46)

„ფროზინონე“ – „რომა“ 2:3 (1:2)

გოლები: 1:0 ჩიანო (5), 1:1 ჯეკო (30), 1:2 პელეგრინი (31), 2:2 პინამონტი (80), 2:3 ჯეკო (90)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.590619