საინტერესოა, რომ „ბარსელონა“ – „სევილიის“ ბოლო შეხვედრის შემდეგ (31 იანვარს), რომელიც ესპანეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გახლდათ და კატალონიელებმა საჩოგბურთო ანგარიშით (6:1) მოიგეს, „ბარსას“ ერთგვარი „საგოლე გვალვა“ დაეწყო.
თავად განსაჯეთ - ოთხი გოლი თებერვლის ხუთ შეხვედრაში. სხვისთვის ეს შეიძლება ბევრიც იყოს, მაგრამ „ბარსასთვის“... შედეგებიც არცთუ სახარბიელო: იმავე ხუთ მატჩში ოთხი ფრე და ერთი გამარჯვება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი თითქოს დამუხრუჭდა სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე, თანაც ზედიზედ ორი „სუპერკლასიკოს“ წინ.
„ბასელონა“ ჯერ ქვეყნის თასის საპასუხო ნახევარფინალში, 28 თებერვალს, ეწვევა „რეალს“ (პირველი მატჩი 1:1), ორ დღეში კი პრიმერას შეხვედრაში იმავე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება „სევილიათან“ მატჩს, მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ლეო მესიმ ისეთები ჩაატარა...
სამჯერ ხომ გამოიჩინა თავი ერთმანეთზე უკეთსი გოლებით, მეოთხეც ლუის სუარესს გაატანინა. ამისდაკვალად, ეს არგენტინელის 50-ე ჰეთ თრიქი გამოდგა კარიერაში. 44-ჯერ ეს „ბარსას“ მაისურით მოახერხა, ექვსჯერ ქვეყნის ნაკრებში. მასზე ერთით მეტი „სამგოლა“ აქვს კრიშტიანუ რონალდუს.
ასევე, უშუალოდ „სევილიასთან“ მატჩებში, ლეომ 37 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა, რაც ასევე ფანტასტიკური შდეგია. აქედან ორი მან თბილისში, „დინამო არენაზე“ შეაგდო, 2015 წლის 11 აგვისტოს, უეფას სუპერთასის შეხვედრაში.
აკი, მერე კატალონიელთა დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემაც თქვა: მესი შესანიშნავი მოთამაშეა, საუკეთსო მსოფლიოში. მაგრამ სხვებს მარტო იმიტომ კი არ სჯობს, რომ სამი გოლი გაიტანა, არამედ იმიტომ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდება ხოლმეო.
სევილიელთა თავკაცმა, პაბლო მაჩინმა კი ესღა დასძინა: არ ვიცოდით როგორ შგვეჩერებინა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ჩვენს წინააღმდეგ ის განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევაო.
„ბარსელონამ“ 57 ქულა მოაგროვა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს პრიმერას. მის უშუალო მდევარ „ატლეტიკოს“ ათი ქულით ნაკლები აქვს და კვირას „ვილიარეალს“ მასპინძლობს. კვირასვე მესამე ადგილზე მდგარი „რეალი“ „ლევანტეს“ ესტუმრება.
ესპანეთი
პრიმერა. 25-ე ტური. 23 თებერვალი
სევილია - ბარსელონა 2:4
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 40 661
1:0 ნავასი (22), 1:1 მესი (26), 2:1 მერკადო (42), 2:2, 2:3 მესი (67, 85), 2:4 ლუის სუარესი (90+3)
სევილია: ვაცლიკი, გომესი, კაიერი, მერკადო (ფრანკო ვასკესი 51), ნავასი, ვებერი (ამადუ 58), ბანეგა, როგი (მესა 62), სარაბია, პრომესი, ბენ-იედერი
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, უმტიტი, პიკე, სემედუ (სერხი რობერტო 46), რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი (დემბელე 46), კოუტინიო (ალენია 79), მესი, ლუის სუარესი
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
მსაჯი: მატეუ ლაოსი
გაფრთხილება: როგი (49), ვებერი (57), ვასკესი (70), კაიერი (80), სარაბია (83), მესა (90); პიკე (38)
ხეტაფე - რაიო ვალეკანო 2:1
1:0 ხაიმე მატა (28), 1:1 ტომასი (58), 2:1 მოლინა (68)
ალავესი - სელტა 0:0
ბილბაო - ეიბარი 1:0
1:0 გარსია (1)
22 თებერვალი
ესპანიოლი - უესკა 1:1
1:0 გრანერო (20), 1:1 ეხეიტა (47)