დღეს, უნგრეთის ქალაქ გიორში სტარტი აიღო საერთაშორისო გრან-პრის გათამაშებამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც UWW-ს სარეიტინგო ტურნირების სიაში შედის.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, პირველ დღეს ხალიჩაზე სამი ჩვენებური გავიდა და ყველა ფინალში იჭიდავებს.
ქართული ფინალი გაიმართება 72 კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე და საქართველოს ჩემპიონი საჩინო დავითაია დაეჭიდებიან.
ბოლქვაძემ ფინალამდე გერმანელი ვიდმაიერი 3:0, უნგრელი მეტოქეები ტოტი 7:0 და კოზაკი 9:0 დაამარცხა. დავითაიამ საფინალო გზაზე ორ მეტოქეს ირანელ ალირეზა აგანიაჩარის (7:0) და თურქ სელჩუკ ცანს (2:0) სძლია.
82 კგ-ში ქართველი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებსა და 23-წლამდეთა შორის გელა ბოლქვაძე ფინალში დანიის სახელით მოასპარეზე ბისულტანოვს დაეჭიდება. ფინალამდე ქართველმა ფალავანმა ხორვატი საჩიჩი 2:1, თურქი აკბუდაკი 3:1 და უზბეკი ბერდიმურატოვი 5:1 დაამარცხა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.