მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ დაადასტურა, რომ მაურო იკარდი "ფიორენტინასთან შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სპალეტის კომენტარი მილანელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სამხრეთამერიკელს მუხლის ტრავმა ჰქონდა და უცნობია თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.
ასევე, ცნობილია რომ იკარდის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთელს არ ესიამოვნა. იკარდი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. "ინტერი" ფეხბურთელს ოთხწლიან კონტრაქტს და წელიწადში 6.5 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო მაურო 7.5 მილიონს ითხოვს.
მიმდინარე სეზონში იკარდიმ 28 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. "ინტერის" და "ფიორენტინას" მატჩი კი ხვალ, 24 თებერვალს 23:30 საათზე დაიწყება.