ლიზი კილაძისთვის საფრანგეთის „დიდი პრიზი“ უცნაურად წარიმართა: ორივე სტარტზე მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპი; თან პირველად - საკმაოდ კარგი შედეგით, 578 ქულით, ერთი სერია კი სულაც 100 ქულით დაასრულა. მეორე სტარტზეც 6 სერიიდან სამში 98 ქულა ჰქონდა, მაგრამ ფინალში ორივეჯერ უმედლოდ დარჩა, მეშვიდე-მერვე ადგილებზე გავიდა... სხვათა შორის, ანალოგიური მას იანვარში გერმანიაშიც დაემართა მიუნხენის ტურნირზე...
საინტერესოა, რას ფიქრობს თავად ამ ყველაფერზე...
"ჩემი შედეგი იმან განაპირობა, რომ თბილისში ვვარჯიშობდი კარგად და ვცდილობდი, შედეგზე, სწორად მუშაობაზე ვყოფილიყავი ორიენტირებული და არ მეფიქრა აუცილებლად გამარჯვებაზე, მაინცდამაინც ოქროს მედალზე ან რაიმე სხვაზე. ამიტომ შეჯიბრებაზე თავისუფლად ვისროდი, არ მქონია ის ნერვიულობა, რაც სხვა დროს იყო ხოლმე; ვცდილობდი, ბოლომდე დავხარჯულიყავი, რადგან მსოფლიოს თასებზე ვაპირებ გამოსვლას, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება. ჩემს თავს უფრო და უფრო მეტს ვთხოვდი და რაღაც დოზით, ეს გამომივიდა კიდეც.
ვეცდები, ეს ერთჯერადი იყოს და ყველა შეჯიბრებაზე ასე ვიასპარეზო. ამაზე ბაქოშიც ვიმუშავებთ შეკრებაზე.
ფინალებს რაც შეეხება, იმდენად ვნერვიულობ, ფეხებიც კი მიკანკალებს და ყველაფერი მავიწყდება, რასაც მანამდე ვსწავლობ. ჩვენი მწვრთნელი ნინო სალუქვაძეც მეუბნება, რომ ფინალებზე უნდა ვიმუშაოთ. მოგეხსენებათ, პატარა ტირი გვაქვს, 5 კომპიუტერით და ფინალებს ვერ ვატარებთ. ამიტომ ფინალისთვის მაშინ ვვარჯიშობთ, როცა ფინალში ვხვდები. ამიტომ გამოცდილებაც მაკლია - არ გვაქვს საშუალება, ისე ყოველდღიურად ვივარჯიშოთ ფინალში, როგორც ამას რუსები, ფრანგები და სხვები აკეთებენ.
ახლა ბაქოში შეკრებაზე ამაზე ვივარჯიშებთ და იმედია, ევროპის ჩემპიონატზე შედეგი უკეთესი იქნება. მით უფრო, ჩავარდნები რაღაც კუთხით მადგება კიდეც, რადგან ვიცი, რის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაო. ვფიქრობ, თუკი საკუთარ თავზე მეტს ვიმუშავებ. თანაც, ჩვენთან ფსიქოლოგია ბევრს ნიშნავს.
100 ქულა მართლაც გასახარი იყო. ასეთი შედეგი შეჯიბრებაზე მეორედ გავაკეთე, მსგავსი მაჩვენებელი კი ყოველთვის სასიხარულოა. თუმცა ჩვენს სპორტში წინასწარ ვერ იტყვი, შემიძლია და გავაკეთებო. უბრალოდ, როცა საასპარეზოდ გადიხარ, ყველა გასროლას შრომა სჭირდება. უპირველესად, აქ საკუთარ თავს უნდა აჯობო და როცა ამას შეძლებ, მაშინ შედეგიც იქნება".
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური