სხვა

13:40 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში

23-26 თებერვალს ნინო სალუქვაძის ტირში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში (10-მეტრიანი დისტანცია). შეჯიბრება ქალებშიც და ვაჟებშიც გაიმართება ორ ასაკობრივ კატეგორიაში - უფროსებში და ახალგაზრდები.

ჩემპიონატში ქვეყნის ყველა ტიტულოვანი მსროლელი იასპარეზებს ორივე ასაკში, რადგან ეს ამავე დისტანციაზე გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმის ნაწილია. მონაწილეთა შორის იქნება ის შვიდეული, რომელიც 16 მარტიდან ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატში გამოვა.

კერძოდ, უფროსებში იასპარეზებენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული ნინო სალუქვაძე, ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე, ხოლო ახალგაზრდებში ისვრიან ამ ასაკში მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე, პირადში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, სერბეთისა და საფრანგეთის „დიდი პრიზების“ გამარჯვებული ნინო ხუციბერიძე, გუნდურში ევროპის ახალგაზრდული პირველობის მესამე პრიზიორი აკაკი მოსულიშვილი და მარიამ ქობულაშვილი, ვინც პირველად გამოვა ევროპის ჩემპიონატზე.

მისი დამატება გოგოებს გუნდურ ტურნირში გამოსვლის საშუალებას მისცემს (სადაც შანსები ნამდვილად დიდი გვაქვს), ეს შეჯიბრება კი, ახალი წესებით, კონტინენტის პირველობაზე ცალკე ჩატარდება (მსოფლიოს ჩემპიონატზე ძველი წესი დარჩა - პირადი პირველობის შედეგები შეიკრიბება და გუნდურის შედეგები ისე დაჯამდება).
საქართველოს წლევანდელ ჩემპიონატში 50 სპორტსმენი გამოვა თბილისის ორივე კლუბიდან (ნინო სალუქვაძის ტირი, სკა) და ქუთაისიდან - 27 - მანდილოსნებში (ორივე ასაკში) და 23 - ვაჟებში. სამწუხაროდ, წლეულს არ იქნებიან მონაწილენი თელავიდან.
საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ზემოდასახელებული შვიდეული ბაქოში გაემგზავრება შეკრებაზე და 15 მარტს იქიდან გადაფრინდებიან ხორვატიაში.
23 თებერვალი: მისროლა
24 თებერვალი: ქალები (უფროსები, ახალგაზრდები)
25 თებერვალი: ვაჟები (უფროსები, ახალგაზრდები)
26 თებერვალი: შერეული წყვილები
დაჯილდოება: 26 თებერვალს, 15.00 საათი

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.117554