ფეხბურთი

2:04 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ჩიჩარიტოს“ ცაცია და ვიდეოარბიტრის აუცილებლობა

პრემიერლიგის 27-ე ტური, პარასკევს, ორი მატჩით გაიხსნა. „ვესტ ჰემმა“ ლონდონურ დერბიში „ფულემს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. „უოტფორდმა“ კი სტუმრად „კარდიფი“ 5:1 გაანადგურა.

„ფულემმა“ ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე უკვე მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში. გოლი რაიან ბაბელმა გაიტანა. საინტერესოა, რომ ეს, ვეტერანი ჰოლანდიელის პირველი პრემიერლიგური გოლი გახლდათ 2010 წლის შემდეგ.

ნახევარი საათის თავზე კი მოხდა ეპიზოდი, რომელმაც პრემიერლიგის მესვეურებს კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ტყუილად გადადეს ვიდეოარბიტრის სერვისის შემოღება მომავალი სეზონისთვის. ხავიერ ერნანდესმა ვარდნაში, თავის მაგიერ მარცხენა ხელით გაათანაბრა ანგარიში. ფულემელთა გადარეული ქომაგები სასოწარკვეთილნი უცქერდნენ, სტადიონის დიდრონ ტაბლოზე შენელებულ გამეორებას, რა ურცხვად გაჰქონდა „ჩიჩარიტოს“ გოლი.

შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე, უკვე ისა დიოპმა დააწინაურა „ჩაქუჩები.“ მესამე ბურთი კი მაიკლ ანტონიომ შეაგდო 91-ე წუთზე.

ამრიგად, „ფულემი,“ რომელმაც გასულ ზაფხულს ფეხბურთელების შესაძენად 100 მილიონი გირვანქა დახარჯა, 17 ქულით ისევ ბოლოსწინა ადგილზე რჩება და როგორც ჩანს, მათ კლაუდიო რანიერის ჯადოქრობაც ვეღარ შველის.

დღის მეორე შეხვედრაში კი „უოტფორდმა“ „კარდიფი“ 5:1 დაამარცხა. სტუმართაგან ჰეთ თრიქი მიითვალა ესპანელმა ჟერარ დეულოფეუმ, დუბლით გამოირჩა ტროი დინი. მასპიძელთაგან -ერთადერთი გოლი სოლ ბამბამ გაიტანა.

0.120564