ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიმდინარე კვირაში დარჩენილი ოთხი მერვედფინალური მატჩი შედგება. ერთ-ერთი „პარკ ოლიმპიკზე“, სადაც „ლიონი“ კატალონიის „ბარსელონას“ დაუხვდება.
ეჭვგარეშეა, წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს ესპანური გრანდის სახით. თუმცა, „ლიონმა“ მიმდინარე სეზონში დაამტკიცა, რომ სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია.
ცნობისთვის, ფრანგებმა ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ექვი მატჩიდან ოდენ 1 მოიგო. ისიც, მანჩესტერში, პეპ გვარდიოლას „სიტისთან“.
დღევანდელ შეხვედრაში „ლიონს“ ლიდერი ნაბილ ფეკირი დააკლდება, ხოლო ჯეისონ დენაიერისა და ტანგუი ნდომბელეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. თავის მხრივ „ბარსელონას“ უმნიშვნელო დანაკლისი აქვს - იასპერ სილესენის, ტომას ვერმაელენის, რაფინიასა და არტურის სახით.
ბრუნო ჟენეზიო („ლიონის“ მწვრთნელი): „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონაში“ ყველაზე შემტევი გუნდები არიან. ჩვენ „სიტის“ წინააღმდეგ ორი კარგი თამაში ჩავატარეთ და შეგვიძლია ახლა იგივე „ბარსელონასთან“ გავაკეთოთ. თუმცა, ეს ცოტა განსხვავებული სიტაუციაა, რადგან ამ გუნდში სუპერვარსკვლავი თამაშობს. შემადგენლობაზე უკვე ჩამოყალიბებული ვარ და ცვლილებები მხოლოდ ექიმების პასუხის გამო თუ შეიცვლება (დენაიერისა და ნდომბელეს საკითხი გადაწყვეტილი არაა - ავტ)“.
ერნესტო ვალვერდე („ბარსელონას“ მწვრთნელი): „ჩვენ ამ თამაშს დიდი ხანია ველოდებით და „ლიონიც“ ასეა. მეტოქე შესანიშნავი გუნდია და აქამდე კარგად მოვიდა, ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ თამაშიც არ წაუგია. ძალიან კარგი თავდამსხმელები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ ზონების გახსნა მეტოქის დაცვაში. ეს რთული თამაში იქნება“.
სავარაუდო შემადგენლობა:
„ლიონი“ (4-2-3-1): ლოპეში; დუბუა, მარსალი, დენაიერი, მენდი; ტუსარი, ნდომბელე; ტრაორე, დეპაი, ოუარი; დემბელე
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი,ბუკსეტსი, ვიდალი; დემბელე, მესი, სუარესი
მსაჯი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
„ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში პირველად გავიდა. „ბარსელონა“ კი ამ ეტაპზე მხოლოდ ორჯერ დამარცხებულა და ფრანგულ გუნდებთან დაუმარცხებელია.
„ლიონი“ 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში, ხოლო ესპანური გრანდი 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ ზედიზედ მე-15-ედ თამაშობს აღნიშნულ ეტაპზე. წინა 14 მერვედფინალიდან კატალონელებს 14 მოგებული აქვთ, ხოლო ორჯერ დამარცხდნენ.
„ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 მატჩიდან ერთადერთი წაგება აქვს და წელს დაუმარცხებელია, ისევე, როგორც „ლიონი“, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო. „ლომებმა“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს „სიტის“ შემდეგ. ჯგუფში ფრანგემა 1 თამაში მოიგეს და ხუთჯერ ფრეს დასჯერდნენ.
ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2008-2009 წლების სეზონში, მერვედფინალში შეხვდნენ და „ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში 6:3 მოიგო. ლიონში მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო ესპანეთში მასპინძლებმა 5:2 მოიგეს. ლიონელ მესიმ გოლი გაიტანა, ხოლო მოედანზე იყვნენ ჟერარ პიკე და სერხიო ბუსკეტსი.
მანამდე ეს გუნდები ერთმანეთის პირისპირ ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ წარსდგნენ. 2001-2002 და 2007-2008 წლებში. „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ ორივე მატჩი მშრალი ანგარიშით მოიგო, ხოლო საფრანგეთში ერთი თამაში მოიგო და ერთი ფრედ დასრულდა. მესიმ 2007 წელს გაიტანა, როგორც საშინაო (3:0), ისე საგარეო შეხვედრებში (2:2).
სტატისტიკა
„ლიონი“
„ლიონისთვის“ ეს იქნება მეათე მერვედფინალური დუელი და პირველი ბოლო 7 წლის განმავლობაში. ფრანგებმა პირველი სამი დუელი მოიგეს, მაგრამ ბოლო 6-დან 5 წააგეს. ყველაზე ხმაურიანი გამოდგა 2011-2012 წლების სეზონში „აპოელთან“ პენლატების სერიაში მარცხი.
„ლიონმა“ ბოლო გამარჯვება მერვედფინალში 2009-2010 წლების სეზონში „რეალთან“ მოიპოვა ორი მატჩის ჯამში 2:1 (1:0 შინ და 1:1 სტუმრად).
„ლიონს“ ამ ეტაპზე სახლში ერთადერთი თამაში აქვს წაგებული 2006-2007 წლების სეზონში „რომასთან“ 0:2. ბალანსი ასეთია - 5 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება. სტუმრად კი 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ არ მოუგია (მერვედფინალში).
ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფში „ლიონის“ ბალანსი თანაბარია: 3 მოგება, 3 წაგება. ბოლო დაპირისპირება შარშან შედგა ევროპა ლიგის პლეი-ოფში „ვილიარეალთან“ და ფრანგებმა მოიგეს (3:1 შინ, 1:0 სტუმრად).
„ლომებმა“ მიმდინარე სეზონში პირველივე ტურში სტუმრად „სიტის“ 2:1 აჯობეს, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 5 ფრე ითამაშეს. კვალიფიცირება კი, ბოლო ტურში „შახტართან“ (1:1) ფრის შემდეგ მოახერხეს.
„შახტართან“ მატჩამდე „ლიონი“ ზედიზედ ექვსი თამაში ახერხებდა ორი ან მეტი გოლის გატანას.
ჯგუფურ ეტაპზე „ლიონის“ ყველა, სამივე საშინაო მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 2:2 დასრულდა.
2016 წლის ოქტომბერში, „იუვენტუსთან“ 0:1 წაგების შემდეგ, „ლიონმა“ შინ ევროასპარეზზე 13 თამაში ჩაატარა და ერთადერთხელ დამარცხდა (შარშან ცსკა-სთან 2:3). მოიგო 7 და ხუთჯერ ფრეს დასჯერდა.
„ლიონი“ 2010 წელს ნახევარფინალში გავიდა და მე-15-ედ თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ფრანგულ გუნდებში რეკორდია.
„ბარსელონა“
„ბარსელონა“ მერვედფინალში მე-15-ედ თამაშობს. წინა 14 დუელიდან 12 მოიგო და ორჯერ დამარცხდა. პირველი სამი პლეი-ოფიდან კატალონელებმა ორი წააგეს, თუმცა, 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც „ლივერპულთან“ წააგო, მიჯრით 11 მერვედფინალური დაპირისპირება აქვს მოგებული. შარშან „ჩელსი“ დაამარცხა (1:1, 3:0).
„ბარსა“ ბოლოს ფრანგულ გუნდს 2016-2017 წლების სეზონში ამავე ეტაპზე დაუპირისპირდა. პსჟ-სთან სტუმრად 0:4 წააგო, მაგრამ შინ 6:1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„ბარსელონას“ პლეი-ოფში ბოლო 5 საგარეო მატჩიდან გამარჯვება არ აქვს (1 ფრე, 4 წაგება). ბოლოს ასეთი რამ 2015-2016 წლების სეზონში „არსენალთან“ მოხდა, როდესაც ესპანელებმა ლონდონში 2:0 მოიგეს.
ერნესტო ვალვერდეს გუნდმა მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორ გასვლით შეხვედრაში მოიგო „ტოტენჰემთან“ (4:2) და პსვ-სთან (2:1), ხოლო „ინტერს“ დაუზავდა (1:1).
„ბარსელონა“ ზედიზედ 11 სეზონია მეოთხედფინალში თამაშობს, მაგრამ აღნიშნული ეტაპი მიჯრით სამი სეზონია ვერ გადალახა. შარშან „რომასთან“ წააგო (4:1, 0:3).
ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსამ“ ბოლო 19 მატჩიდან 7 მოიგო, 6-ჯერ წააგო, ხოლო ამდენჯერვე ფრეს დასჯერდა.
ფრანგული გუნდების წინააღმდეგ „ბლაუგრანას“ შედეგი ასეთია: 4 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება. ბოლო 7 მატჩიდან კი საფრანგეთში მხოლოდ ორი მოიგო (3 ფრე, 2 წაგება).
„ბარსელონამ“ ფრანგული გუნდების ბარიერი პლეი-ოფში ზედიზედ ოთხჯერ დაძლია, თუმცა იქამდე მიჯრით სამჯერ იყო დამარცხებული: 4 მოგება, 3 წაგება.
გზაჯვარედინი
სამუელ უმტიტი 2016 წელს „ბარსელონაში“ „ლიონიდან“ გადავიდა. ფრანგულ გუნდში მან 131 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა 2012-2016 წლებში.
მალკომს „ბორდოს“ მაისურით „ლიონის“ კარში 4 გოლი აქვს გატანილი 4 შეხვედრაში. აქედან ორჯერ ლიონში.
ფეკირი, უმტიტი და დემბელე 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
საფრანგეთში უთამაშიათ:
კლემენ ლენგლე („ნანსი“ 2010-2017)
უსმან დემბელე („რენი“ 2014-2016)
მალკომი („ბორდო“ 2016-2018)
სამუელ უმტიტი („ლიონი“ 2012-2016)
ესპანეთში უთამაშიათ:
პაპე დიოპი („სელტა“ 2014-2017)
ერთად უთამაშიათ:
კენი ტეტე და იასპერ სილესენი („აიაქსი“, 2013-2016)
თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:
ფერლან მენდი, ტანგუი ნდომბელე, ნაბილ ფეკირი და უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი (საფრანგეთი)
ჯეისონ დენაიერი და ტომას ვერმაელენი (ბელგია)
მემფის დეპაი, კენი ტეტე და იასპერ სილესენი (ჰოლანდია)
ანტონი ლოპეში და ნელსონ სემედუ (პორტუგალია)
ბოლო პერიოდი
„ლიონი“
„ლიონმა“ პარასკევს „გენგამი“ 2:1 დაამარცხა. იქამდე „ნიცასთან“ 0:1 წააგო და 7-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.
„ლიონს“ სახლში ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ 4 მოგება აქვს (2 ფრე, 4 წაგება). ერთ-ერთი გამარჯვება კი 3 თებერვალს, პსჟ-სთან იზეიმა.
ნაბილ ფეკირი „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია ლიგა 1-ში 8 გოლით.
დემბელემ კი, ბოლო რვა მატჩში 5 გოლი გაიტანა.
„ლიონმა“ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 25 თამაშიდან მხოლოდ სამი წააგო (13 მოგება, 9 ფრე). მათ შორის, ერთ-ერთია 7 ოქტომბერს, პარიზში განცდილი მძიმე მარცხი პსჟ-სთან 0:5. „ლომებისთვის“ ეს იყო ყველა დიდი ანგარიშით წაგება 2000 წლის 15 თებერვლის შემდეგ, როდესაც „ნანტთან“ 1:6 განადგურდნენ.
ჯეისონ დენაიერს „გენგამთან“ ბოლო მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია.
„ბარსელონა“
სერხიო ჩემპიონთა ლიგაზე მეასე თამაში ჩაატარა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში.
შემდეგი მატჩი ფელიპე კოუტინიოსთვის უეფას საკლუბო ტურნირებში 50-ე იქნება.
მეექვსე ტურის შემდეგ „ბარსამ“ 9 მატჩი მოიგო, 3 ფრე და 2 წაგება. ორივე მარცხი კოპა დელ რეის გათამაშებაში „ლევანტესთან“ და „სევილიასთან“. თუმცა, კატალონელებმა ორმატჩია დუელში ორივე მეტოქე დაამარცხეს.
„ბლაუგრანამ“ შაბათს „ვალიადოლიდი“ 1:0 დაამარცხა. ეს იყო მხოლოდ მესამე გამარჯვება ბოლო შვიდ შეხვედრაში.
„ბარსელონა“ სტუმრად ზედიზედ 10 მატჩი დაუმარცხებელი იყო ყველა ტურნირის ჩათვლით სანამ „ლევანტესთან“ 10 იანვარს წააგებდა. მას შემდეგ 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 2 წაგება).
10 თებერვალს, „ბილბაოსთან“ უგოლო ფრე იყო პირველი მატჩი 2018 წლის 11 თებერვლის შემდეგ, როდესაც „ბარსელონამ“ ლა ლიგის შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა.
ლიონელ მესი ლა ლიგაში 22 გოლით საუკეთესო ბომბარდირია. ბოლო 12 შეხვედრაში კი თავი 13-ჯერ გამოიჩინა.
13 იანვარს, მესიმ ლა ლიგაში მე-400 გოლი გაიტანა „ეიბართან“ (3:0) მოგებულ შეხვედრაში.
ჟან-კლერ ტოდიბო „ბლაუგრანამ“ „ტულუზადან“ იანვარში დაიმატა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არაა. ფრენკი დე იონგი და ემერსონი კი გუნდს ზაფხულიდან შეუერთდებიან.
არტურს 6 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო იასპერ სილესენს 30 იანვრის მერე.
რაფნიამ 24 ნოემბერს ტრავმა მიიღო და 6 თვე გაუცდება.
იმავე დღეს სამუელ უმტიტი 26 სექტემბრის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ ისევ დაშავდა და მას მერე არ უთამაშია.