თურქეთში შეკრებაზე მყოფი დედაქალაქური “საბურთალო” 15 თებერვალს მორიგ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. დღევანდელი მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის “ახმატი” იქნება, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 23 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება. ამხანაგური შეხვედრა ბელეკში საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.
რუსეთის პრემიერლიგაში ახლა პაუზაა გამოცხადებული, გუნდებიც ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადებიან. “ახმატი” თურქეთში იმყოფება და პარალელურად სპარინგ-შეხვედრებს მართავს: კორეის “სუვონ ბლუვინგთან” 1:2 წააგო. ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა ბოსნიის კლუბთანაც. დაძაბულ ბრძოლაში დათმო მატჩი ბულგარეთის “ლუდოგორეცთან” 3:4, ხოლო ავსტრიის “ვოლსფერბერგს” 2:1 მოუგო.
ამ დროისთვის გროზნოს შემადგენლობაში 12 ლეგიონერი ირიცხება – კლუბში არიან ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, ალბანეთიდან, ხორვატიიდან და სენეგალიდან. “ახმატის” საშუალო ასაკი 24-25 წელია. ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელად ბრაზილიელი მცველი დანტას როდოლფო ითვლება, რომელიც 36 წლისაა. მთავარი მწვრთნელი კი 53 წლის ადგილობრივი სპეციალისტი რაშიდ რახიმოვია.
“საბურთალო”-2, რომელიც თურქულ შეკრებაზე რამდენიმე დღეა იმყოფება, პირველ ამხანაგურ მატჩს დღეს გამართავს – 15 თებერვალს რევაზ გოცირიძის შეგირდები შვეიცარიის ქვედალიგელ “თალვილს” გაეჯიბრებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.
სულ საბურთალოელები ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ. “თალვილის” გარდა, თბილისელები დანიის “ბოლდკლუბს”, “კრასნოდარისა” და მოსკოვის “დინამოს” ფარმ-კლუბებს შეხვდებიან.
ამასობაში, “საბურთალოს” 16 და 17 წლამდე ჭაბუკთა გუნდებმა ამხანაგური შეხვედრები დანიურ “ჰელსინგორის” თანატოლებთან გამართეს. უმცროსებმა, რომელსაც დავით ხიტირი ხელმძღვანელობს, გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს მატჩი. ხოლო უფროსებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუაა, 2:5 წააგეს. ჩვენი გუნდიდან დუბლი გოშთელიანმა მიითვალა.
საბურთალო U-16: აბჟანდაძე, სანაია, ჩივაძე, კვაშილავა, რუხაძე, გეგუჩაძე, ბოსტოღანაშვილი, კვერნაძე, კოზმანიდი, თავყელიშვილი, ღონღაძე.
ცვლილებაზე ითამაშეს: საჯაია, ჭედია, ტყემალაძე, ლობჯანიძე, მარტიაშვილი, მაქაცარია, გულიაშვილი.
საბურთალო U 17: საჯაია, ამბროსაძე, ლატარია, ჩახიძე, ხორავა, ალექსიძე, გოდერძიშვილი, გვიშიანი, ოლქიშვილი, გოშთელიანი, ჯიბლაძე.
ცვლილებაზე ითამაშეს: კალანდაძე, მჭედლიშვილი, კოზმავა, ჟვანია, გუგეშაშვილი, თავზარაშვილი, უთმელიძე, ჟივიძე, სახვაძე.
"საბურთალოს" პრესსამსახური