სხვა

16:35 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" იტალიელი და სერბი წყალბურთელებით გაძლიერდა
18 თვის შემდეგ, ბარალდისა და ვაპენსკის საქართველოს ნაკრებში თამაში შეეძლებათ

წყალბურთის კლუბი "დინამო თბილისი“ იტალიელი და სერბი წყალბურთელებით გაძლიერდა. ფაბიო ბარალდი და ბორის ვაპენსკი გუნდში იანვრიდან ირიცხებიან. ორივე მოთამაშეს როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე არა ერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვთ მოგებული. ბორის ვაპენსკის სერბეთის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელია. 2013 წელს მან ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. ასევე ქვეყნის სუპერ თასისა და უნგრეთის თასის მფლობელი გახდა. ვაპენსკის სანაკრებო დონეზე სერბეთის ეროვნული ნაკრების რიგებში მსოფლიო ლიგა ორჯერ აქვს მოგებული და ერთხელ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. იგი მსოფლიო თასი გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანია. რაც შეეხება ფაბიო ბარალდის კარიერას, მან 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების რიგებში მესამე ადგილი, 2011 წელს კი მსოფლიო ლიგის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა. ორივე წყალბურთელმა უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ნაკრების კანდიდატებად ითვლებიან. 18 თვის შემდეგ ფაბიო ბარალდი და ბორის ვაპენსკი საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშს შეძლებენ.

ბორის ვაპენსკი ("დინამო თბილისის" წყალბურთელი): "ქართულ წყალბურთზე ბევრი კარგი რამ მსმენია. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი ჩემი მეგობარია და მისგან ვიგებდი ინფორმაციას ქართული წყალბურთის შესახებ. ვიცოდი რომ საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ნატურალიზირებული მოთამაშეა. ასევე შიდა ჩემპიონატიც ნელ-ნელა ვითარდება და წინა წელს „დინამოს“ გამოჩენამ ასპარეზზე მისცა ფედერაციას და სპორტის სამინისტროს სტიმული რომ განავითაროს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ჩამოსვლისთანავე დავიწყე ნაკრებთან ერთად დღეში ორჯერადი ინტენსიური ვარჯიშები, რითიც კმაყოფილი ვარ. ასევე ამხანაგური თამაშები ვეთამაშეთ რუსეთის კლუბს, როგორც „დინამოს“, ასევე ნაკრების შემადგენლობაში და ორივე მატჩი მოვიგეთ. ჩემი აზრით ქართულ წყალბურთს დიდი პოტენციალი აქვს. ბევრი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეა. რამდენიმე გამოცდილ წყალბურთელთან ერთად ეროვნულ ნაკრებს მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. გუნდში იდეალური ატმოსფეროა. ქართველებმა მიმიღეს და მოვეწონე, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ნაკრებში ჯანსაღი კონკურენციით და სწორი მუშაობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. „დინამო თბილისთან“ ერთად მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი, მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზური და შევიდე ევროპის 16 საუკეთესო კლუბში, ნაკრებს რაც შეეხება საქართველოს სამჯერ აქვს ევროპაზე მონაწილეობა მიღებული. ასე რომ შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ და ოლიმპიადის შესარჩევზე მოვხვდეთ, შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება, წინასწარ რამე დაპირების გაკეთება ცოტა რთულია.“

ფაბიო ბარალდი ("დინამო თბილისის" წყალბურთელი): "საქართველოდან მოქალაქეობის მიღებაზე შემოთავაზება რომ მივიღე, ჯერ მათი სამომავლო გეგმებით დავინტერესდი. როცა მოვისმინე განვითარების პროგრამა და მიზანი, ტოკიო 2020 ოლიმპიადაზე მოხვედრა, ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა დავთანხმებულიყავი. ერთ თვიანი ძალიან რთული ვარჯიშების შემდეგ, მივხვდი თუ სად ჩამოვედი, ბევრი გვაქვს სამუშაო. დიდ პოტენციალს ვხედავ ქართულ წყალბურთში. „დინამო თბილისთან“ ერთად მინდა, რომ საქართველოს ჩემპიონები გავხდეთ, შემდეგ წელს მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაზე მივიღოთ, ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ეს ქართული საკლუბო წყალბურთისთვის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, კარგი იქნება თუ ევროპის ჩემპიონატზე დავიკავებთ ადგილს რისი მიხედვითაც მოგვეცემა საშუალება, რომ ოლიმპიადის შესარჩევში ვიასპარეზოთ. რა თქმა უნდა, 18 თვეში ამ ყველაფრის მოსწრება ძალიან რთულია, მაგრამ მე არ მაქვს გათვლა მხოლოდ მომავალ ოლიმპიადაზე, მინდა რომ მომავალი 6 წელი მივუძღვნა ქართულ წყალბურთს“.

გიორგი ხვედელიანი ("დინამო თბილისის" დამფუძნებელი): "დინამო თბილისის“ დაფუძნების მიზანი საქართველოს ჩემპიონატის გაძლიერება, კონკურენციის ზრდა და წყალბურთის პოპულარიზება იყო. ამ მისიას წარმატებით ვასრულებთ. წლევანდელი ჩემპიონატის მეორე წრისთვის კლუბი გავაძლიერეთ სამი საერთაშორისო კლასის მოთამაშით: ფაბიო ბარალდი, ბორის ვაპენსკი და ირაკლი რაზმაძე. რაზმაძეს გამოცდილება მსოფლიოს მოწინავე, მონტენეგროს კლუბ „ბუდვაში“ აქვს მიღებული, ახლა ის კვლავ მოვიწვიეთ „დინამოს“ გუნდში. ფაბიო ბარალდიმ და ბორის ვაპენსკიმ უკვე მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა და ნაკრების კანდიდატებად ითვლებიან. 18 თვის შემდგომ ისინი შეძლებენ ნაკრების რიგებში თამაშს. წელს, ჩვენი კლუბის მიზანია საქართველოს ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა, ვფიქრობ ახალი მოთამაშეები გააძლიერებენ გუნდს, საერთო მიზანს მივაღწევთ და ევროპის გრანდებს სათანადო წინააღმდეგობას გავუწევთ".

წყალბურთის კლუბი "დინამო თბილისი"

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102853