სხვა

21:10 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნინო ხუციბერიძის ოქრო პარიზში

პარიზში დღეს დაწყებულ საფრანგეთის "დიდ პრიზზე" ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებში ოქროს მედალი მოიპოვა. . ქუთაისელი ჩუბინი ფინალში მეორე შედეგით შევიდა - 566 ქულა, იქ კი მშვენივრად იასპარეზა, 235.2 ქულით ყველას აჯობა და არც ჩემპიონობა დაანება ვინმეს.

მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე ჩვენი 7 მსროლელი გამოდის და ყველაზე წარმატებული სწორედ გოგოების შეჯიბრება გამოდგა, სადაც ჩვენი სამივე მონაწილე ფინალში გავიდა. მათ შორის - დებიუტანტი მარიამ ქობულაშვილიც, ხოლო ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ლიზი კილაძე სულაც საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გახდა. თანაც, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა - 578 ქულა დააგროვა და გვარიანად ჩამოიტოვა ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი ხუციბერიძე, ქობულაშვილი კი 555-ით მეექვსე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ კილაძემ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მეექვსე სერიაში უდანაკარგოდ ისროლა და 100 ქულა დააგროვა, მანამდე კი 97, 95, 96, 94 და 96 ქულა ჰქონდა. ხუციბერიძემ ცალკეულ სერიებში 96, 95, 95, 93, 93 და 94 ქულა დააგროვა, ქობულაშვილმა - 93, 92, 92, 93, 92 და 93.
როგორც გითხარით, ფინალში ხუციბერიძე მშვენივრად გაისარჯა და 235.2 ქულით გაიმარჯვა. ქობულაშვილმა 149.0-ით მეექვსე ადგილზე დაასრულა გამოსვლა, კილაძე კი პირველივე სერიიდან გამოეთიშა შეჯიბრებას და 109.8-ით მერვე ადგილზე დარჩა.
ბიჭებში კარგად გამოვიდა ჩვენი ერთადერთი მონაწილე აკაკი მოსულიშვილი, ვინც საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილით და ასევე საყურადღებო შედეგით - 572 ქულით დაასრულა, ფინალში კი საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა და სულ ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე. შესარჩევ ეტაპზე ცალკეულ სერიებში აღსანიშნავია მისი 99 ქულა მეოთხე სერიაში, თუმცა ურიგოდ არც სხვებში გამოსულა: 96, 94, 92, 96 და 95 ქულა.

უფროსებიდან ფინალში მხოლოდ ვაჟთა შორის მოასპარეზე ცოტნე მაჭავარიანი გავიდა 574 ქულით, იქ კი საბოლოოდ მერვე ადგილზე გავიდა 114.1 ქულით. აღსანიშნავია საკვალიფიკაციოში მის მიერ მეოთხე სერიაში ნაჩვენები უნაკლო შედეგი - 100 ქულა, სხვებში კი 93, 95, 95, 97 და 94 დააგროვა.
ლევან ქადაგიძე 569 ქულით მე-13 ადგილზე გავიდა, , თუმცა ბოლო ორი სერია მანაც საყურადღებო მაჩვენებლით დაასრულა: 95, 95, 94, 91, 97 და 97 ქულა.
რაც შეეხება გუნდის ლიდერს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს, მან შესარჩევ ეტაპში გამოსვლა 564 ქულით დაასრულა, რაც მე-12 შედეგი აღმოჩნდა.
ხვალ, 15 თებერვალს ტურნირზე წყვილტა შეჯიბრება გაიმართება, სადაც უფროსებში სალუქვაძე-მაჭავარიანისა და ქადაგიძე-ხუციბერიძის წყვილები გამოვლენ, ახალგაზრდებში კი კილაძე-მოსულიშვილი ისვრიან. შეჯიბრება 16 თებერვალს დასრულდება, როცა უფროსებშიც და ახალგაზრდებშიც პირადი პირველობა გაიმართება ანუ მიუნხენის ტურნირის მსგავსად, აქაც ორი სტარტი იმართება. ეს ფრიად ხელსაყრელია მსროლელებისთვის, რადგან ფრანგული შეჯიბრება მარტში ხორვატიაში პნევმატური იარაღიდან სროლაში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.131125