ფეხბურთი

3:38 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" "დორტმუნდი" თითქმის უშანსოდ დატოვა (+VIDEO)

ერთ მხარეს ჰარი კეინი და დელე ალი არ იყო, მეორე მხარეს - მარკო როისი და პაკო ალკასერი. მიუხედავად ამისა, „ტოტენჰემმა“ და „დორტმუნდმა“ კარგი ფეხბურთი შესთავაზეს მაყურებელს.

პირველი ტაიმი უგოლო გამოდგა. შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ უფრო მწვავედ ლუსიენ ფავრის შეგირდები უტევდნენ და რომ არა უგო ლორისი, ანგარიში უსათუოდ გაიხსნებოდა. ამ ყველაფრის შემყურე, ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე იმ სცენარს, რომელიც მეორე ნახევარში ვიხილეთ.

„ბორუსიამ“ „მამლებს“ მეორე ტაიმში წინააღმდეგობა ვერ გაუწია, დაცვაში უხეში შეცდომები დაუშვა და დამსახურებულად წააგო. მატჩის გმირი ბელგიელი მცველი იან ვერტონგენი გამოდგა, რომელიც ამჯერად მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და სწორედ ეს გამოდგა გადამწყვეტი. სხვათა შორის, საწყისი ორი გოლი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.

მეორე ნახევარი ახალი გაანხლებული იყო, ვერტონგენმა საჯარიმოში რომ ჩააწოდა და იქ სონი მარტო დატოვეს, ხოლო ზაგადუს ბურთი თავზე გადააფრინდა. აზიელმა ერთი შეხებით ადვილად გაიტანა. მეორე გოლიც ანალოგი გამოდგა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად შეტევა მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, დაცვის ცენტრს ისევ ჩაეძინა და ახლა ვერტონგენმა გაიტანა ერთი შეხებით. სხვათა შორის, ბელგიელმა მცველმა „ტოტენჰემში“ თამაშის დროს ერთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მეორედ მოახერხა. პირველად მსგავსი რამ 2013 წლის მარტში, „სუონსისთან“ გააკეთა. იანის გოლიდან ზუსტად სამ წუთში ერიკსენის კუთხურს ფერნანდო ლორენტეს ზუსტი თავური მოჰყვა და „ტოტენჰემმა“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. არადა, ამ წყვილში ბევრისთვის ფავორიტად „დორტმუნდი“ ითვლებოდა.

სხვათა შორის, „ყვითლებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტაიმში სამი გოლი ისტორიაში პირველად გაუშვეს. „ტოტენჰემი“ კი 2011 წლის მერე პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე საშინაო მატჩში გერმანული გუნდი დაამარცხა. მანამდე, იგივე „მანჩესტერს“ გაეკეთებინა „შალკესთან“ მატჩში.

ამრიგად, „მამლებმა“ მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს და მიუხედავად იმისა, რომ „დორტმუნდი“ სახლში შედეგიანად თამაშობს, რთული წარმოსადგენია, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მოპოვებული უპირატესობა ქარს გაატანოს.

„ტოტენჰემი“ – „დორტმუნდი“ 3:0 (0:0) VIDEO

ლონდონი, „უემბლი“

მაყურებელი: 71 214

„ტოტენჰემი“ (3-4-1-2): ლორისი; სანჩესი, ფოიტი, ალდერვეირელდი; ორიე, სისოკო (ვანიამა 90), ვინკსი, ვერტონგენი; ერიკსენი; სონი (ლამელა 90), ლუკას მოურა (ლორენტე 84)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; ჰაკიმი, ტოპრაკი, ზაგადუ (შმელცერი (77), დიალო; ვიტსელი, დელანი; სანჩო (გერეირო 88), დაუდი, პულიშიჩი (ლარსენი 87); გიოტცე

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 სონი (47), 2:0 ვერტონგენი (83), 3:0 ლორენტე (86)

გაფრთხილება: ორიე (12) - დელანი (53)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 7 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

0.179969