კლასი და გამოცდილება, შესაძლოა ცოტა იღბალიც - ეს, ის კომპონენტებია, რის ხარჯზეც „რეალმა“ ამსტერდამში „აიაქსი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
არადა, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ჩვეულ, ლაღ სტილში ირჯებოდა და წაგებასაც არ იმსახურებდა. მაგრამ ფეხბურთი ასეთია - საგოლე მომენტებს სათანადო გამოყენება უნდა. პირველი ტაიმი, ისევე, როგორც მთელი თამაში ჰოლანდიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. მაგალითვისთვის, პირველ 45 წუთში მასპინძლებმა „რეალის“ კარისკენ 11-ჯერ დაარტყეს და მიმდინარე სეზონში ესპანური გუნდის კარს ერთ ტაიმში ამდენჯერ არავინ დამუქრებია ჩემპიონთა ლიგაზე. ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა, ერთხელაც ჰაკიმ ზიეჩიმ პირისპირ ტიბო კურტუას ვერ აჯობა. ერთხელაც „აიაქსმა“ გოლი გაიტანა. ნიკოლას ტალიაფიკომ გამოიჩინა თავი და მსაჯმა გოლიც ჩათვალა. თუმცა, საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო და დუშან ტადიჩზე თამაშგარე დაფიქსირდა, რომელიც კურტუას ხელს უშლიდა ტალიაფიკოს დარტყმის მომენტში. ეს, მომენტი ისტორიას დარჩება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გოლი VAR-ის მეშვეობით პირველად გაუქმდა.
მეორე ტაიმში კი „რეალი“ დაწინაურდა. დიდებულად ითამაშა ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც მასპინძელთა მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა და კარიმ ბენზემა ისეთ პოზიციაში დატოვა, ფრანგს გოლის გატანის გარდა, სხვა გზა არ დარჩენოდა. თინეიჯერმა ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში მერვე საგოლე პასი მიითვალა და თანაგუნდელთა შორის ამ კუთხით საუკეთესოა. ბენზემამ კი ჩემპიონთა ლიგაზე მე-60 გოლი გაიტანა და მასზე წინ მხოლოდ რაული, მესი და რონალდუ არიან.
ამასობაში, „აიაქსს“ მცირე დრო დასჭირდა გონზე მოსასვლელად და 75-ე წუთზე გატანა მოახერხა. თავი ჰაკიმ ზიეჩიმ გამოიჩინა. მაროკოელს იქამდე 29 წარუმატებელი დარტყმა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შესრულებული და როგორც იქნა, ნავსი გატეხა. ამ გოლს წესით ჰოლანდიელთათვის ფრთები უნდა შეესხა, მაგრამ ბოლოსკენ კოტრშეტევა გაეპარათ. კარვახალის გამოზომილი გადაცემა მარკო ასენსიომ შეირგო და 2:1.
ამსტერდამელები მომენტების გამოუყენებლობის გამო დაისაჯნენ. თავი იჩინა გამოუცდელობამაც. თავის მხრივ, "სამეფო კლუბმა" პირიქით - კოლოსარული გამოცდილების ხარჯზე შეძლო წარმატების მიღწევა. ცნობისთვის, „აიაქსმა“ „იოჰან კრუიფ არენაზე“ 30-მატჩიანი წაუგებელი სერია (2017 წლიდან) დაასრულა. „რეალმა“ კი ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ.
„აიაქსი“ – „რეალი“ 1:2 (0:0) VIDEO
ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“
მაყურებელი: 53 497
„აიაქსი“ (4-2-1-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; შონე (დოლბერგი 73), დე იონგი; ვან დე ბეკი; ზიეჩი, ტადიჩი, ნერეში
მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი
„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ნაჩო, რამოსი, რეგილონი; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ბეილი (ვასკესი 61), ბენზემა (ასენსიო 73), ვინისიუსი (დიასი 81)
მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი
გოლები: 0:1 ბენზემა (60), 1:1 ზიეჩი (75), 1:2 ასენსიო (87)
გაფრთხილება: ზიეჩი (53) - რეგილონი (70), ვასკესი (83), რამოსი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 11 (8) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 5:0
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)