ფეხბურთი

4:45 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძველი ნაცნობების შეხვედრა

დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება. მათ შორის, ერთ-ერთი „აიაქსსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის. ორი ისტორიული გუნდის დაპირისპირება, რომელთაც ბოლო დროს განსხვავებული გზები აქვთ.

„რეალის“ შესახებ ყველამ ყველაფერი იცის და შედარებისთვის „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 13 წლის შემდეგ პირველად თამაშობს. ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, ესპანელებს მცირე უპირატესობა აქვთ, მაგრამ ბოლო ათწლეულის ხარჯზე, როდესაც 6-დან ექვსივე თამაში მოუგეს ჰოლანდიურ გრანდს.

რაც შეეხება აწმყოს - „აიაქსი“ ძალიან კარგს სეზონს ატარებს და ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო. ერიკ ტენ ჰაგის გუნდს თამაში ნებისმიერ მეტოქესთან რომ შეუძლია, ეს „ბაიერნთან“ ჯგუფში ნაჩვენებმა ორმა მატჩმაც ცხადჰყო. „რეალი“ კი ბოლო დროს ძალიან კარგი ფორმაშია და ეს შედეგებზეც აისახა. მაგალითისთვის, ბოლო ორი საგარეო შეხვედრა „ბარსელონასთან“ (1:1) და „ატლეტიკოსთან“ (3:1) სანტიაგო სოლარის გუნდის აქტივში უნდა შევიტანოთ.

სხვათა შორის, დღეს „რეალის“ რიგებში მე-600 მატჩს ჩაატარებს სერხიო რამოსი. ამასთან დაკავშირებით სოლარიმ პრესკონფერენციაზეც გააკეთა კომენტარი.

ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსის“ მწვრთნელი): „ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და არ აქვს მნიშვნელობა ვინაა მეტოქე, რადგან ყველამ ვნახეთ როგორ ვითამაშეთ „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე. ჩვენს თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და სიამოვნება მივიღოთ. ეს მეტოქე ჩვენთვის გამოწვევაა. ერთი სული გვაქვს მატჩი დაიწყოს, გვჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ფიზიკურად ფორმაში ვართ და შეგვიძლია ბევრის გაკეთება. დე იონგისთვის, როგორც „ბარსელონას“ მომავალი ფეხბურთელისთვის „რეალის“ წინააღმდეგ თამაში დამატებითი მოტივაციაა“.

სანტიაგო სოლარი („რეალის“ მწვრთნელი): „აიაქსი“ კარგ სეზონს ატარებს. დინამიურ ფეხბურთს აჩენებს და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. იმედია, ისეთ თამაშს ჩავატარებთ, როგორიც სამი დღის წინ („ატლეტიკოსთან“) ვაჩვენეთ. ამ სტადიონთან შესანიშნავი მოგონებები გვაკავშირებს და იმედია არც ახლა იქნება გამონაკლისი. რამოსი? ის ნამდვილად კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ ჩაატარა ამდენი მატჩი. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ დიდხანს შეძლებს საკუთარი თამაშით სიამოვნების მიღებას“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; დე იონგი, ვან დე ბეკი, შონე; ზიეჩი, დოლბერგი, ტადიჩი

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, რამოსი, ვარანი, რეგილონი; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ბეილი, ბენზემა, ვინისიუსი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

„აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. გარდა ამისა, ამსტერდამელებს „რეალთან“ ბოლო 6 მატჩი წაგებული აქვთ, გაუშვეს 20 და გაიტანეს მხოლოდ 2 გოლი.

ამის საპირისპიროდ, „რეალი“ მერვედფინალში 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული (სწორედ ამ სეზონიდან ტარდება მერვედფინალური ეტაპი) თამაშობს. ხოლო ბოლო 9 სეზონია ამ ეტაპზე დაუმარცხებელია.

„რეალმა“ ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბოლო 9 დაპირისპირება საპლეი-ოფო დონეზე მოგებული აქვს. „სამეფო კლუბი“ ბოლოს 2014-2015 წლების სეზონში ორი მატჩის ჯამში „იუვენტუსთან“ დამარცხდა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები უეფას ტურნირებში 12-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. „რეალმა“ 7 გამარჯვება მოიპოვა, „აიაქსმა“ ოთხი, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

პირველი დუელი 1967-1968 წლების სეზონში შედგა. პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე „რეალმა“ 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შემდეგი დაპირისპირება 1972-1973 წლების სეზონით თარიღდება და ჰოლანდიელებმა ორი თამაში მოიგეს (2:1 შინ და 1:0 სტუმრად). 1995-1996 წლების სეზონშიც „აიაქსი“ გამოვიდა გამარჯვებული. ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამულმა გუნდმა ორივე მატჩი მოუგო „სამეფო კლუბს“ (1:0 შინ და 2:0 სტუმრად).

აქედან მოყოლებული გამარჯვებას მხოლოდ „რეალი“ ახერხებს. ზედიზედ სამი სეზონი და ზედიზედ 6 მატჩი. 2010-2011, 2011-2012 და 2012-2013 წლების სეზონებში.

ბოლო დაპირისპირება ამსტერდამში 2012 წლის ოქტომბერში შედგა და „რეალმა“ 4:1 იმარჯვა. ორი თვის შემდეგ კი, მადრიდში იმავე ანგარიშით დაამარცხა მეტოქე.

სტატისტიკა

„აიაქსი“

„აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ერთადერთხელ უთამაშია - 2005-2006 წლების სეზონში მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ. ჰოლანდიაში შეხვედრა 2:2 დასრულდა, ხოლო მილანში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

ამსტერდამელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლოს 2002-2003 წლების სეზონში იყვნენ, როდესაც „მილანთან“ ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგეს (0:0, 2:3).

„აიაქსს“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში ბოლო 6 თამაში არ მოუგია (2 ფრე, 4 წაგება). ბოლოს, 1996-1997 წლების სეზონში „ატლეტიკო“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.

თუ „ატლეტიკოსთან“ მეორე მატჩში (1997 წელს) დაფიქსირებულ შედეგს გავითვალისიწნებთ (1:1), გამოვა, რომ „აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ბოლო 5 თამაში არ მოუგია (3 ფრე, 2 წაგება).

ჰოლანდიური გრანდი ესპანურ გუნდს ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა - ვიგოს „სელტას“. ესპანეთში მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო ჰოლანდიაში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

„აიაქსმა“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ორის მოგება მოახერხა (1 ფრე, 11 წაგება).

„აიაქსი“ ევროსარბიელზე მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია - 12 მატჩი, 7 მოგება, 5 ფრე (ნაგულისხმევია საკვალიფიკაციო ეტაპიც). ჯგუფში კი, „ბაიერნის“ შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

„აიაქსი“ პლეი-ოფში მყოფი 16 გუნდიდან ერთადერთია, რომელმაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო.

„რეალი“

„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 23-ედ ითამაშებს.

მადრიდელებს ეს ტურნირი 13-ჯერ აქვთ მოგებული, რაც რეკორდია. ნახევარფინალში კი ზედიზედ რვა სეზონის განმავლობაში ახერხებენ გასვლას.

„რეალს“ აქვს შანსი მეოთხედფინალში ზედიზედ მეცხრედ გავიდეს. მერვედფინალში კი მისი ბალანსი ასეთია: 9 მოგება, 6 წაგება. აღნიშნულ ეტაპზე მადრიდული გრანდი 2005-2010 წლებში ზედიზედ მარცხდებოდა. თუმცა, ბოლო რვა შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შარშან „რეალმა“ პსჟ შინ 3:1, ხოლო სტუმრად 2:1 დაამარცხა.

ეს იქნება „რეალის“ პირველი დაპირისპირება პლეი-ოფში ჰოლანდიური გუნდის წინააღმდეგ 1992-1993 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ კი, უეფას თასის მესამე ეტაპზე არნემის „ვიტესს“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა (1:0, 1:0). საერთო ჯამში ჰოლანდიურ კლუბებთან პლეი-ოფის სტადიაზე დადებითი ბალანსი გააჩნია - 6 მოგება, 3 წაგება. ბოლოს, პსვ ეინდჰოვენთან დამარცხდა 1987-1988 წლების სეზონში (შინ 1:1, სტუმრად 0:0).

„რეალს“ ჰოლანდიაში ბოლო რვა მატჩიდან ერთადერთი წაგება აქვს (5 მოგება, 2 ფრე). ეს წაგება 1995 წელს, „აიაქსთან“ შეხვედრაზე მოდის. ჰოლანდიის მიწაზე ბოლო 6 თამაშიდან კი 5 მოიგო.

მიმდინარე სეზონში „რეალმა“ ჯგუფურ ეტაპზე 12 ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა. ორჯერ წააგო ცსკა-სთან და მათ შორის შინ, 0:3. ეს კლუბის ისტორიაში ევროსარბიელზე ყველაზე მძიმე საშინაო მარცხია.

„რეალს“ ბოლო 39 მატჩიდან ევროსარბიელზე მხოლოდ 6 აქვს წაგებული, ხოლო აქედან 26 მოიგო.

ჯგუფურ ეტაპზე სანტიაგო სოლარის გუნდმა სტუმრად ცსკა-სთან 0:1 წააგო, ხოლო „რომასა“ (2:0) და „პლზენს“ (5:0) მოუგო. ბოლო 21 საგარეო თამაშიდან (ჩემპიონთა ლიგაზე) 13 მოიგო.

გზაჯვარედინი

კლაას იან-ჰუნტელაარი „აიაქსიდან“ „რეალში“ 2009 წლის იანვარში გადავიდა. 20 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 თვის შემდეგ გუნდი დატოვა. ჰოლანდიელმა ფორვარდმა „შალკეს“ მაისურით ორი გოლი გაუტანა „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, როდესაც გერმანელებმა 4:3 მოიგეს.

ნიკოლას ტალიაფიკო 2012-2013 წლების სეზონში ესპანეთში, „რეალ მურსიას“ რიგებში იჯარით თამაშობდა.

ანდრე ონანა „ბარსელონას“ აკადემიაში ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. 2015 წელს კი, „აიაქსს“ შეუერთდა.

ბოლო პერიოდი

„აიაქსი“

„აიაქსს“ ერედივიზიონში ცუდი პერიოდი აქვს. შინ „ჰერენვეენს“ დაუზავდა (4:4), რასაც „ფეიენოორდთან“ 2:6 განადგურება მოჰყვა. ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჰოლანდიის ჩემპიონატში 2013 წლის 22 სექტემბრის შემდეგ „აიაქსისთვის“ (პსვ-სთან 0:4).

ხსენებულ ორ მატჩში „აიაქსმა“ 10 გოლი გაუშვა. ორი გოლით უფრო მეტი, ვიდრე მანამდე 17 მატჩში მიიღო.

„ბაიერნთან“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ფრის შემდეგ (3:3) „აიაქსმა“ ერედივიზიონში „გრააფსხაპი“ 8:0 გაანადგურა და ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 2001 წლის 18 მარტის შემდეგ (როტერდამის „სპარტასთან“ 9:0).

24 იანვარს, „აიაქსმა“ ჰოლანდიის თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა მას შემდეგ, რაც „ჰერენვენი“ 3:1 დაამარცხა.

2 თებერვალს კი, „ვენლო“ 6:0 დაამარცხა. ამსტერდამელებს მიმდინარე სეზონში 6 ან მეტი გოლი ოთხ შეხვედრაში აქვთ გატანილი.

„აიაქსი“ ზედიზედ 23 მატჩი მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა, სანამ გასულ შაბათს „ჰერაკლესთან“ 0:1 არ წააგო. იქამდე ბოლო უგოლო თამაში 2018 წლის 23 სექტემბრით (პსვ-სთან 0:3) თარიღდებოდა.

„რეალი“

ტიბო კურტუამ უეფას ტურნირებზე 50-ე მატჩი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩაატარა.

შაბათს, მადრიდულ დერბიში „ატლეტიკო“ მისსავე მოედანზე 3:1 დაამარცხა.

„ბლანკოსს“ ბოლო 9 მატჩიდან ერთი წაგება აქვს (6 მოგება, 2 ფრე). ეს ერთადერთი მარცხი სამეფო თასზე 16 იანვარს, „ლეგანესთან“ განიცადა (0:1).

„რეალმა“ სამეფო თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ბარსელონასთან“ სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა. საპასუხო შეხვედრა 27 თებერვალს მადრიდში გაიმართება.

გარეთ ბეილმა „რეალის“ მაისურით მეასე გოლის გატანა მოახერხა („ატლეტიკოსთან“).

სერხიო რამოსს მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი ყველა ტურნირის ჩათვლით და 2016-2017 წლების სეზონში მიღწეული შედეგი გააუმჯობესა.

იმავე რამოსს „რეალის“ მაისურით 599 თამაში აქვს ჩატარებული.

კარიმ ბენზემამ ბოლო 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

„რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო. ნახევარფინალში „კაშიმა ანტლერსი“ (3:1), ხოლო ფინალში „ალ აინი“ დაამარცხა (4:1).

ლუკა მოდრიჩმა 3 დეკემბერს, „ოქროს ბურთი“ მოიგო და პირველი ხორვატია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.

0.127601