ფეხბურთი

15:37 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ამ კვირის მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება

უეფას ოფიციალური გვერდის ცნობით, ამ კვირაში, ჩემპიონთა და ევროპა ლიგის მატჩები, ტრაგიკულად დაღუპული ემილიანო სალას ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყება. ყველა ფეხბურთელს შავი სამკლაური ეკეთება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის არგენტინელი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ნანტიდან“ „კარდიფ სიტიში“ გადავიდა, კარდიფული კლუბისთვის სარეკორდო 15 მილიონ გირვანქად.

21 იანვარს, საღამოს, სალა კერძო თვითმრინავით ნანტიდან კარდიფში გაფრინდა, მაგრამ ადგილამდე ჩასვლამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თვითმფრინავი და ფეხბურთელის ნეშთი ლა-მანშის სრუტის ფსკერზე იპოვნეს.

წინასწარი გამოკვლევით, სალას გარდაცვალება თავისა და ტანის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია. პოლიციამ მისი იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდების მეშვეობით მოახერხა. საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა კი 6-12 თვეში გახდება ცნობილი.

0.113407