ფეხბურთი

4:20 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პარიზელთა ეშმაკური გამოცდა

ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის მერე გვიბრუნდება და ჩინებული მოლოდინიც გვაქვს. „ოლდ ტრაფორდზე“ დიდი მატჩი უნდა შედგეს, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი“ „პარი სენ ჟერმენს“ მასპინძლობს.

ეს გუნდები აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს და ბუნებრივია, დღეს პირველად წარსდგებიან ერთმანეთის წინაშე.

ორი თვის წინ, როდესაც წილისყრა შედგა, ბევრმა ფავორიტად პსჟ მიიჩნია. თუმცა, გავიდა 60 დღე და ასე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, მეტიც, შესაძლოა ახლა ინგლისელთა მხარეს იხრებოდეს სასწორი. სამიოდ დღის წინ, ჯანლუიჯი ბუფონმა სწორედ ამას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორი თვის წინ ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ახლა ასე არააო.

ამას აქვს მიზეზები და განსაკუთრებით, ორი მიზეზი: პირველი ის, რომ „მანჩესტერი“ ძალიან შეიცვალა. ერთი იყო ჟოზე მოურინიოსთან ერთად და მეორეა ოლე გუნარ სოლსკიაერთან. „წითელ ეშმაკებს“ ნორვეგიელმა ახალი სისხლი გადაუსხა და ფანტასტიკურ შედეგებამდე მიიყვანა. მანკუნიანელთა მონაგარი ბოლო 11 მატჩში მართლაც საოცნებოა - 10 მოგება და 1 ფრე! რაც, მთავარია, „იუნაიტედის“ თამაშის ხარისხი დამაიმედებელია და თითქოს ვერ იფიქრებ, რომ ამ გუნდში იგივე ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც მოურინიოს პერიოდში. თუმცა, ასეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია პოლ პოგბა, რომელსაც უბრალოდ ვერავინ აჩერებს.

და, მეორე მიზეზი - ტრავმების ეპიდემია პარიზელთა ბანაკში. ნეიმარი, ედინსონ კავანი და ტომას მუნიე დღეს მოედანზე ვერ გავლენ. ეს მართლაც უდიდესი დანაკლისია. ნეიმარმა ტრავმა 23 იანვარს მიიღო და 10 კვირა იუქმებს, ხოლო კავანიმ სამი დღის წინ „ბორდოსთან“ მატჩში მიიღო დაზიანება. მოკლედ, ძნელი სათქმელია „ოლდ ტრაფორდზე“ რა მოხდება, მხოლოდ ერთი ვიცით - კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

ოლე გუნარ სოლსკიაერი („მანჩესტერის“ მწვრთნელი): „ქომაგებსა და ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, რომ მატჩი დაიწყოს, რადგან ჩვენთვის ეს განსაკუთრებული საღამოა. ამიტომ, ჩემი ფეხბურთელები მოედანზე თამაშის სურვილით და საკუთარ თავში დარწმუნებულნი გავლენ.

ნებისმიერ გუნდი იგრძნობს დანაკლისს, მაგრამ მეორეს მხრივ, შემცვლელებს შანსი ეძლევათ. ასე რომ, მეტოქე ახლა უფრო არაპროგნოზირებადი გახდება. მაგრამ, ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ემზადებიან ამ მატჩისთვის“.

ტომას ტუხელი (პსჟ-ს მწვრთნელი): „როგორც პარიზში, აქაც ვეცდებით შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და ბევრი საგოლე მომენტი შევქმნათ. ჩვენი დნმ ასეთია და ამის შეცვლა რთულია. რა თქმა უნდა, იქნება მომენტები, როდესაც თავის დაცვა მოგვიწევს, რადგან ველოდებით აგრესიულ „მანჩესტერს“, რომელსაც შეტევაში ბევრი ფეხბურთელი ეყოლება. თუმცა, ჩვენ აქ გოლების გასატანად ვიმყოფებით.

სოლსკიაერის მოსვლიდან „მანჩესტერი“ მთლიანად შეიცვალა. მეტი რწმენით და ნდობით თამაშობენ. ბევრი გოლი გააქვთ და მაღალ პრესინგს თამაშობენ. ერთ-ერთი ურთულესი თამაში გველოდება. ისინი სახლში თამაშობენ და არ ვარ დარწმუნებული, რომ შანსი 50%-50%-ზეა“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„მანჩესტერი“ (4-3-3): დე ხეა; იანგი, ლინდელოფი, ჯონსი, შოუ; ერერა, მატიჩი, პოგბა; ლინგარდი, რაშფორდი, მარსიალი

პსჟ: (4-3-3): ბუფონი; კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; დანი ალვეში, მარკინიოსი, ვერატი; დი მარია, მბაპე, დრაქსლერი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

„პარი სენ ჟერმენმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. აჯობა რა, „ლივერპულსა“ და „ნაპოლის“. „მანჩესტერი“ კი „იუვენტუსს“ ჩამორჩა და მეორე ადგილით გავიდა პლეი-ოფში. თუმცა, მაშინ ინგლისურ გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, ხოლო ახლა ოლე გუნარ სოლსკიაერი.

გასულ სეზონში მერვედფინალურ ეტაპზე ორივე გუნდი დამარცხდა. „მანჩესტერს“ მეოთხედფინალში 2013-2014 წლების შემდეგ არ უთამაშია, ხოლო პსჟ-სთვის ბოლო ორი გათამაშება ამ ეტაპზე დასრულდა, შესაბამისად, „ბარსელონასთან“ და „რეალთან“.

სტატისტიკა

„მანჩესტერი“

„მანჩესტერი“ მერვედფინალში მეთერთმეტედ ითამაშებს. წინა ათი ასპარეზობიდან ბალანსი დადებითია - 6 მოგება, 4 წაგება. შარშან „მანიუ“ „სევილიასთან“ დამარცხდა.

2017-2018 წლების სეზონში „მანჩესტერი“ სტუმრად „სევილიას“ უგოლოდ დაუზავდა, მაგრამ მერე შინ 1:2 წააგო. ამ მატჩით დასრულდა „წითელი ეშმაკების“ წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე ევროტურნირებზე, რომელიც 21 მატჩს იტევდა და რომელიც, 2013 წელს, „რეალთან“ 1:2 წაგების შემდეგ დაიწყო.

სწორედ „სევილიასა“ და „რეალთან“ წაგებებს თუ გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ „მანჩესტერმა“ მერვედფინალურ ეტაპზე ბოლო სამი საშინაო მატჩიდან ორი წააგო. მთლიანობაში კი ასეთი სტატისტიკა გააჩნია: 6 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.

მიმდინარე სეზონშიც საწყისი ორი მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ ვერ მოიგო. ჯერ „ვალენსიას“ უგოლოდ დაუზავდა, ხოლო შემდეგ „იუვენტუსთან“ 0:1 წააგო. ბოლოს კი, შვეიცარიული „იანგ ბოიზი“ 1:0 დაამარცხა.

თუ „ვალენსიასთან“ ჯგუფურ ეტაპზე წაგებას ჩავთვლით, „მანჩესტერს“ სტუმრად ევროსარბიელზე ჩატარებული ბოლო 26 მატჩიდან მხოლოდ 5 აქვს წაგებული (16 მოგება, 5 ფრე).

„იუნაიტედი“ პლეი-ოფში ფრაგულ გუნდს შვიდჯერ შეხვედრია და 6-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ფრანგებმა გაიმარჯვეს, 1997-1998 წლების სეზონის მეოთხედფინალი იყო. 0:0 მონაკოში და 1:1 მანჩესტერში.

ბოლოს კი, ევროპა ლიგის მერვედფინალში „სენტ ეტიენი“ დაამარცხა შინ 3:0 და სტუმრად 1:0.

საერთოდ, ფრანგულ გუნდებთან ბოლო რვა მატჩია „მანჩესტერი“ დაუმარცხებელია (6 მოგება, 2 ფრე). ხოლო „ოლდ ტრაფორდზე“ არასდროს წაუგია ფრანგ მეტოქესთან (10 მოგება, 3 ფრე).

ეს იქნება სოლსკიაერისთვის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი. საკვალიფიკაციო ეტაპზე „მიოლდეს“ მწვრთნელის რანგში 8 მატჩი აქვს ჩატარებული (3 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება). 2012-2013 წლების ნორვეგიული გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფშიც მოახვედრა.

„პარი სენ ჟერმენი“

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს. თუმცა, საუკეთესო შედეგი 1994-1995 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც ნახევარფინალში გავიდა.

2013-2016 წლებში ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა მეოთხედფინალში, მაგრამ ბოლო ორი სეზონია ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან ეთიშება. გასულ სეზონში „რეალთან“ 2:5 წააგო (1:3, 1:2), ხოლო 12 თვით ადრე "ბარსელონას" შინ 4:0 მოუგო და მერე სტუმრად 1:6 განადგურდა.

წინა ექვსი მერვედფინალური ეტაპის ბალანსი პსჟ-სთვის დადებითია: 4 მოგება, 2 წაგება.

პსჟ-ს პლეი-ოფის სტადიაზე ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ექვსჯერ უთამაშია და სამჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, სამჯერ კი - ვერ. 2015-2016 წლების სეზონში მეოთხედფინალში „სიტისთან“ წააგო (2:2, 0:1).

პარიზელებს ამავე ეტაპზე ორჯერ ჰყავთ ინგლისური გუნდი დამარცხებული. ორჯერვე „ჩელსი“. ჯერ 2014-2015 წლების სეზონში 1:1 შინ და სტუმრად 2:2, ხოლო ერთი წლის შემდეგ 2:1 შინ და 2:1 სტუმრად.

მიმდინარე სეზონში ტომას ტუხელის გუნდმა ინგლისში უკვე წააგო. პირველივე ტურში „ლივერპულთან“ 2:3 დათმო მატჩი. იმავე გუნდს კი შინ 2:1 მოუგო და ეს იყო პირველი გამარჯვება ინგლისური გუნდის წინააღდეგ ბოლო ექვსი მატჩიდან (3 ფრე, 2 წაგება).

2016 წელს, „ჩელსის“ ლონდონში დამარცხება პსჟ-სთვის ერთადერთი ინგლისური გამარჯვებაა. ნისლიან ალბიონზე პარიზელებმა 10-ჯერ ითამაშეს, ერთხელ მოიგეს, 4-ჯერ ფრეს დასჯერდნენ, ხოლო 5-ჯერ დამარცხდნენ.

პსჟ-მ ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად 4 ქულა მოიპოვა. „ლივერპულთან“ წააგო (2:3), „ნაპოლის“ (1:1) დაუზავდა, ხოლო „ცრვენა ზვეზდა“ (4:1) დაამარცხა.

პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 თამაშიდან მხოლოდ სამი აქვთ მოგებული (2 ფრე, 4 წაგება).

გზაჯვარედინი

ანხელ დი მარია 2014-2015 წლების სეზონში „იუნაიტედში“ თამაშობდა და პრემიერლიგის 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

პოგბამ, არეოლამ, კიმპემბემ და მბაპემ საფრანგეთის ნაკრების რიგებში გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს.

მბაპემ ორი გოლი გაუტანა როხოს არგენტინას, რომელმაც ფრანგი შემტევი საჯარიმოში წააქცია და პენალტი აიკიდა.

ტომას მუნიემ იმავე მუნდიალზე მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისთან ანგარიში გახსნა, რომლის რიგებში ფილ ჯონსი, მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი თამაშობდნენ.

ინგლისში უთამაშიათ:

ერიკ-მაქსიმ ჩუპო მოტინგი („სტოკი“, 2017-2018)

ლასანა დიარა („ჩელსი“, 2005-2007, „არსენალი“, 2007-2008, „პორტსმუთი“, 2008-2009)

საფრანგეთში უთამაშიათ:

ანტონი მარსიალი („ლიონი“, 2012-2013, „მონაკო“, 2013-2015)

სერხიო რომერო („მონაკო“, 2013-2014)

ერთად უთამაშიათ:

პოლ პოგბა და ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“, 2012-2016)

ალექსის სანჩესი და დანი ალვეში („ბარსელონა“, 2011-2014)

ალექსის სანჩესი და ნეიმარი (2013-2014)

ანტონი მარსიალი და ლაუინ კურზავა („მონაკო“, 2013-2015)

სერხიო რომერო და ლაუინ კურზავა („მონაკო“ 2013-2014)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

მატეო დარმიანი და ჯანლუიჯი ბუფონი, მარკო ვერატი (იტალია)

პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი და ალფონს არეოლა, პასკალ კიმპემბე, ლაუინ კურზავა, ლასანა დიარა, ადრიენ რაბიო, კილიან მბაპე (საფრანგეთი)

ფრედი და ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დანი ალვეში, ნეიმარი (ბრაზილია)

რომელუ ლუკაკუ და ტომას მუნიე (ბელგია)

დავიდ დე ხეა, ხუან მატა, ანდერ ერერა და ხუან ბერნატი (ესპანეთი)

სერხიო რომერო, მარკოს როხო და ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი (არგენტინა)

ბოლო პერიოდი

"მანჩესტერი"

„იუნაიტედმა“ ბოლოს 16 დეკემბერს, „ლივერპულთან“ წააგო (1:3) და მას შემდეგ დაუმარცხებელია. ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით „წითელ ეშმაკებს“ საოცარი შედეგები აქვთ: 11 თამაში, 10 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება.

პოლ პოგბამ „ფულჰემთან“ დუბლი შეასრულა და პრემიერლიგაში ამ დროისთვის უკვე 11 გოლი აქვს გატანილი. მის კარიერაში პირველად მოხდა, რომ სეზონში ორნიშნა რაოდენობის გოლები გაიტანა. ბოლო რვა მატჩში თავი რვაჯერ გამოიჩინა.

„ლივერპულთან“ (1:3) წაგება იყო ჟოზე მოურინიოს ბოლო მატჩი „მანჩესტერში“. 19 დეკემბერს გუნდი ყოფილმა თავდამსხმელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩაიბარა.

ნორვეგიელმა საწყისი რვა მატჩი მოიგო და „იუნაიტედის“ ისტორიაში საუკეთესო სტარტის მქონე მწვრთნელი გახდა.

„იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ დაუმარცხებელია მას შემდეგ, რაც „იუვენტუსთან“ მესამე ტურში 0:1 წააგო. მას მერე, 7 მოგება და 3 ფრე. მთლიანობაში მიმდინარე სეზონში შინ შემდგენაირად თამაშობს: 9 მოგება, 6 ფრე 2 წაგება.

„წითელ ეშმაკები“ ზედიზედ 17 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ.

31 იანვარს, ანტონი მარსიალმა გუნდთან ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

„პარი სენ ჟერმენი“

მარკო ვერატისთვის შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე იქნება.

პსჟ-მ ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო და ორი წააგო ყველა ტურნირის ჩათვლით. გაიტანა 31 გოლი და გაუშვა მხოლოდ 6.

ტომას ტუხელის გუნდმა 3 თებერვალს ლიგა 1-ში პირველი მარცხი განიცადა. წააგო რა, 21-ე ტურში „ლიონთან“ 1:2.

ლეანდრო პარედესი პსჟ-ს იანვარში „ზენიტიდან“ შეუერთდა და მისი დებიუტი სწორედ „ლიონთან“ შედგა.

19 იანვარს, პსჟ-მ „გენგამი“ 9:0 დაამარცხა. კილიან მბაპემ და ედინსონ კავანიმ ჰეთ-თრიქები შეასრულეს.

კავანი გახდა პსჟ-ს პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „პარკ დე პრენსზე“ 100 და მეტი გოლი გაიტანა. ახლა მის აქტივში 105 გოლია. ბოლოს „ბორდოს“ გაუტანა, თუმცა ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

მბაპე 20 დეკემბერს 20 წლის გახდა. მის ანგარიშზე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 გოლი და 5 საგოლე პასია.

ნეიმარმა ჯგუფურ ეტაპზე 5 გოლი გაიტანა. თუმცა ტრავმირებულია და 10 კვირა ვერ ითამაშებს. დაზიანება 23 იანვარს, „სტრასბურთან“ მატჩში მიიღო.

მარკო ვერატიც ტრავმირებული იყო, მაგრამ „ბორდოსთან“ დაბრუნდა და 59 წუთიც ითამაშა.

20 დეკემბერს, ალფონს არეოლამ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

ჯანლუიჯი ბუფონი ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი იყო. მეექვსე ტურში „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ იტალიელმა 40 წლისა და 317 დღის ასაკში ითამაშა.

0.201022