ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტმა” ესპანეთის ლიგა ენდესაში ნანატრი გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა ზედიზედ 7 მარცხის მერე წარმატება “გრან კანარიასთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში იზეიმა, ჩვენებურმა კი შედეგიანი თამაში ჩაატარა.
საინტერესოა, რომ დიდ შესვენებაზე “გიპუზკოა ბასკეტი” 16-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა, თუმცა, ერთი შეხედვით შეუძლებელი შესძლო, დასკვნით მეოთხედში მეტოქე 28:13 გაანადგურა და საბოლოოდ, 90:85 მოიგო.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:53 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, მასზე შედეგიანად კი მხოლოდ ბლაგოტა სეკულიჩი (20 ქულა) და გარეტ ნეველსი (18) გაისარჯნენ.
აღსანიშნავია, რომ “გიპუზკოა ბასკეტს” 20 ტურში მხოლოდ მე-4 მოგება მოუგროვდა და აქედან 2 ევროლიგის მონაწილე “გრან კანარიასთან” აქვს.
ქართველი კალათბურთელის გუნდი ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა, “მურსიას” მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. “გიპუზკოა ბასკეტი” მომდევნო მატჩს 3 მარტს, შინ, “ვალენსიასთან” ჩაატარებს.