10 თებერვალს, ბულგარულ ბლაგოევგრადში "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა ოთარ თუშიშვილისა და აკაკი კუნჭულიას ხელმძღვანელობით 100%-იანი შედეგით 9 ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გამარჯვებულები რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.), ივერი ჯულაყიძე (70 კგ.), გიორგი სულავა (74 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.), ზაურ ბერაძე (86 კგ.), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.), ბექა ჭელიძე (97 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.) გახდნენ.
ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ გიორგი სულავა დასახელდა, გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა უპირობო გამარჯვება მოიპოვა.
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.