ძიუდო

22:45 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა ვერცხლი და 2 ბრინჯაო პარიზის გრანდ სლემზე

პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და სასიხარულოა, რომ საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა კვარცხლბეკზე ასვლა სამივე წონაში მოახერხეს.

მოლდოველ დენის ვიერუსთან ფინალური ორთაბრძოლა იპონით დათმო და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.). მანამდე, ჩვენებურმა გზიდან ფრანგი კევინ აზემა, იტალიელი მატეო მედვესი, გერმანელი სებასტიან სეიდლი და ებრაელი ბარუხ შმაილოვი ჩამოიცილა.
ამავე წონაში ნიკო ჭიკაიძე პირველივე წრეში მონღოლ მუნხბაიარ ნერგუისთან დამარცხდა.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა თემურ ნოზაძემ. ქართველმა ძიუდოისტმა ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი, ფრანგი ვინსენ ლიმარი და ეკვადორელი ლენინ პრესიადო დაჯაბნა, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან (იაპონია) დამარცხდა, ხოლო მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ დანიელ ბენ დავიდს აჯობა.
ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილმა საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს აჯობა, შემდეგ კი, მომავალ ვერცხლის მედალოსან იელდოს სმეტოვთან (ყაზახეთი) გოლდენ სქორში დამარცხდა.
ბრინჯაო დაისაკუთრა ოლიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანმა ლაშა შავდათუაშვილმაც (73 კგ.). ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალამდე არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ვიკტორ სკვორცოვსა და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს მოუგო, შემდეგ კი, მონღოლ ცოგბაატარ ცენდ-ოჩირთან წააგო. რეპეშაჟში ლაშამ სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს სძლია, გადამწყვეტ შერკინებაში კი მას აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი არ გამოუცხადდა.
ამავე წონაში ლაშა გიუნაშვილი ალჟირელ ფეტჰი ნოურინეს ვერ გაუმკლავდა.
ხვალ, 10 თებერვალს, ტატამზე კობა მჭედლიშვილი (81 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური (ორივე – 100 კგ.), ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ.) გავლენ.

0.126045