ჭიდაობა

22:22 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, პრეზიდიუმმა მისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებაზე, რატომ უნდა იმსჯელოს მაშინ, როცა ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შედეგად დაზარალებული თავად არის.

როგორც ზურაბ დათუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდიუმის შემადგენლობაში ის პირები არიან, რომლებიც გეგეშიძის ინტერესებს იცავენ და ფიზიკური დაპირისპირების დროს დათუნაშვილი წინააღმდეგ წავიდნენ.

მისივე თქმით, პრეზიდიუმის წევრები ცდილობენ შექმნან განწყობა, თითქოს შერიგება და პრობლემის მოგვარება დათუნაშვილს არ სურს.

​სპორტსმენის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტ გეგეშიძესთან შერიგება იმ პრობლემებზე გაჩუმებას ნიშნავს, რომლებიც ჭიდაობის ფედერაციაში დღეს არსებობს.

“პრეზიდიუმს არ ვენდობი, ისე გამოჰყავთ საქმე, თითქოს შერიგება უნდათ და ზურაა წინააღმდეგი. მე თუ შევურიგდები გეგას, მას უბრალოდ ფულადი თანხით დააჯარიმებენ, რასაც მოჭიდავეების ფულით გადაიხდის. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უნდა რომ მე გავჩუმდე და მან სკამი შეინარჩუნოს. ამ მიზნით, შესაძლოა ისიც აღიაროს, რომ რკინა ეჭირა ხელში და ის ჩამარტყა, თავიდან ხელის მოქნევასაც არ აღიარებდა. პრეზიდიუმის სხდომა რომ ჩაინიშნება, გავერკვევი ვინ იქნებიან მის შემადგენლობაში და იმის მიხედვით გადავწყვეტ დავესწრები თუ არა პრეზიდიუმის სხდომას. ​მე ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და თავში ჩამარტყეს რაღაც, კიდევ მე უნდა მივიღო დისკვალიფიკაცია?”, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

ქართველი მოჭიდავე ამბობს, რომ მისთვის მარტივი გადაწყვეტილება არ არის ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

“ჩემთვის არ არის მარტივი ავდგე და წავიდე. მაშინ ფედერაციამ უნდა შემიქმნას პირობები, რომ ჩემი მაქსიმუმი დავხარჯო. აქამდეც მქონდა პრობლემები, დაველაპარაკე ამ ხალხს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. შარშან ზაფხულში მქონდა იგივე პრობლემა. ვიბლოკებოდი. სამი საერთაშორისო ტურნირიდან, არც ერთგან წასვლის უფლება არ მომცეს. 2013 წლის შემდეგ საქართველოს არც ერთი ჩემპიონატი არ წამიგია, მხოლოდ ერთხელ წავაგე, ისიც ჩემს ძმასთან”, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

www.mcm.ge

0.115582