ფეხბურთი

20:40 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიიდან: შურისძიება სამეფოზე თავადური მოსასხამით (+VIDEO)

დღეს გავიხსენებთ, ერთ კონკრეტულ თამაშს და ერთ ფეხბურთელს, რომელმაც ყოფილ კლუბზე შური მოედანზე იძია და ყველას დაუმტკიცა, რომ თავის დროზე დაუმსახურებლად დაუხურეს გუნდის კარი. იმ გუნდის კარი, რომელსაც 6 სეზონი ერთგულად და რაც მთავარია, შედეგიანად ემსახურა.

ალბათ, გასული და მიმდინარე საუკუნეების მიჯნაზე ევროპულ ფეხბურთში იშვიათი იყო მსგავსი საინტერესო ტანდემი შეტევაში - რაული და ფერნანდო მორიენტესი.

ეს უკანასკნელი „რეალში“ 1997 წლის ზაფხულში „სარაგოსადან“ აღმოჩნდა და „სამეფო კლუბში“ ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია. „ელ მორომ“ რაულთან ერთად ბრწყინვალე დუეტი შექმნა, რომელიც შიშის ზარს სცემდა მეტოქეებს არამარტო ესპანეთში, არამედ ევროპაში.

მორიენტესმა „რეალში“ 6 წლის განმავლობაში ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ საკონტინტენთაშორისო თასი და სამჯერ(!) ჩემპიონთა ლიგა. 2000 წელს, ფინალში „ვალენსიასთან“ გოლიც გაიტანა. საერთოდ, „ბლანკოსის“ მაისურით ფერნანდომ 261 თამაში ჩაატარა და 99 გოლი გაიტანა.

ორი სეზონი ჰქონდა გამორჩეული: 1999-2000 და 2001-2002 წლების სეზონები - ჯერ იყო და ყველა ტურნირის ჩათვლით 44 მატჩში 18 გოლი გაიტანა (მათ შორის 6 ჩემპიონთა ლიგაზე), ხოლო 2001-2002 წლების სეზონში ლა ლიგის 33 შეხვედრაში თავი 18-ჯერ გამოიჩინა. და მაინც, ყველაზე შედეგიანი 1998-1999 წლების სეზონში იყო, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში 19, ხოლო სამეფო თასზე 6 გოლი (5 მატჩში) გაიტანა და სეზონი 25 გოლით დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ „ელ მორო“ „რეალის“ თილისმა რაულთან ძალიან კარგად იყო შეხმატკბილებული, ფლორენტინო პერესს სხვა განზრახვა ჰქონდა - გუნდის „გალაქტიკოდ“ გადაქცევა.

შედეგად, 2002 წლის ზაფხულში „რეალმა“ მილანის „ინტერიდან“ რონალდო შეიძინა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის რანგში ჩავიდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და ბუნებრივია სათადარიგო სკამზე ჯდომას არ აპირებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მორიენტესი განტევების ვაცი გამოდგა - ესპანელს სათამაშო დრო მკვეთრად შეეზღუდა (რონალდო-რაულთან კონკურენციაში). სეზონის ბოლოს ნაჩვენებეი შედეგი, 27 თამაში, 6 გოლი არც „სამეფო კლუბში“ აკმაყოფილებდათ და არც მორიენტესის ამბიციებს შეესაბამებოდა.

2003 წლის ზაფხულში კი, „გალაქტიკოს“ კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ინგლისელი „ოქროს ბიჭუნა“, რომელიც მაშინ ბრწყინავდა და პერესსაც „ლივერპულისთვის“ მილიონების გადახდა არ დანანებია - მაიკლ ოუენი. სხვა საკითხია, რომ ინგლისელმა ესპანეთში ფეხი ვერ მოიკიდა და იქაურობა არცთუ დიდი ხნის შემდეგ უკვალოდ დატოვა. მაგრამ, მანამდე, მორიენტესი გაუშვეს.

იმავე ზაფხულს „რეალი“ ფრანგულ „მონაკოს“ ერთწლიან იჯარაზე შეუთანხმდა და ფერნანდოც „სამეფო კლუბიდან“ „თავადებში“ მოხვდა. კარგი გუნდი იყო მაშინ „მონაკო“, მაგრამ რასაც 2003-2004 წლების სეზონში მიაღწია ბევრი ვერც წარმოიდგენდა. დიდიე დეშამის დამოძღვრილ გუნდში ბევრი საინტერესო ფიგურა თამაშობდა - მორიენტესიდან ჟერომ როტენამდე, პატრის ევრადან დადო პრშომდე, შაბანი ნონდადან ლუდოვიკ ჟიულიმდე...

თუმცა, „თავადების“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას მაშინ ვინ წარმოიდგენდა და ვერც „რეალის“ „გალაქტიკოები“ წარმოიდგენდნენ მეოთხედფინალური წილისყრის შემდეგ, რომ „სამეფო კლუბს“ სამეფოში ცუდი დღე ელოდა.

თუმცა, განგება ხშირად სამართლიანია - მორიენტესს კარგი შანსი ჰქონდა შურისძიებისთვის და იმის დასამტკიცებლად, რომ ნაადრევად ჩამოწერეს. პირველი მატჩი 2004 წლის 24 მარტს, მადრიდში შედგა და პირველი ტაიმი ფრანგებმა სებასტიან სკილაჩის გოლით მოიგეს. თუმცა, მეორე ნახევარში თითქოს ყველაფერი დალაგდა - ფავორიტმა „რეალმა“ ივან ელგერას, ზინედინ ზიდანის, ლუიშ ფიგუსა და რონალდოს გოლებით გვარიანი უპირატესობა მოიპოვა საპასუხო მატჩის წინ. და მაინც, 83-ე წუთზე „სამეფო კლუბმა“ მეორე გოლი გაუშვა და წყვილში ვითარება ოდნავ, მაგრამ მაინც დაიძაბა. და, ვინ იყო გოლის ავტორი? - რა თქმა უნდა, ფერნანდო მორიენტესი, რომელმაც შეიძლება ითქვას, წარსულის პირისპირ მოახერხა თავის გამოჩენა.

წინ კი, საპასუხო შეხვედრა იყო. 6 აპრილს, „ლუი II”-ზე ანგარიში „რეალმა“ (რაულმა) გახსნა და მადრიდელები ორი მატჩის ჯამში 5:2 დაწინაურდნენ. ეს ცალსახად სოლიდური უპირატესობა იყო და „მონაკოსგან“ სასწაულის იმედი არავის ჰქონდა. თანაც, ფრანგებს ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ. ტაიმის ბოლო წუთზე ლუდოვიკ ჟიულიმ შეძლო გათანაბრება, მაგრამ ეს ხომ ზღვაში წვეთი იყო?!

„მონაკოს“ 45 წუთი რჩებოდა და ამოცანა ერთი შეხედვით გადაუჭრელიც ჩანდა: „რეალის“ კარში ორი გოლი უნდა გაეტანა და საკუთარ კარში არ გაეშვა... დიდიე დეშამის შეგირდებმა შეძლეს, საკუთარ თავსაც აჯობეს და ამოცანაც ამოხსნეს!

სწორედ მორიენტესის გოლი გამოდგა გარდამტეხი! ესპანელმა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ გაიტანა, მეორე შეხვედრაშიც შეძლო თავის გამოჩენა. „ელ მორომ“ 48-ე წუთზე, მეორე ტაიმის სტარტზევე გაიტანა და თავისი გუნდი დაწინაურდა. თუ ჩავუღრმავდებით, ეს გოლი იყო სწორედ გადამწყვეტი - სწრაფმა გოლმა „თავადებს“ იმედი გაუჩინა, ფრთები შეასხა, დამატებითი მოტივაცია შესძინა! მერე ჟიულიმ დუბლი შეასრულა და შეხვედრაც დასრულდა. „მონაკომ“ 3:1 მოიგო და ნახევარფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლით გავიდა. მორიენტესმა კი, ყოფილ გუნდს, სადაც სათანადოდ ვერ ან არ დააფასეს, ორი უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა. ეს იყო შურისძიება იმ ადამიანების მიმართ პირდაპირ მოედნიდან, რომლებისთვისაც რამდენიმე თვით ადრე ზედმეტი იყო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114633