19 წლის ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეს ევროლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა, თუმცა, მისმა “ბუდუჩნოსტმა” რუსულ “ხიმკისთან” 90:98 წააგო.
ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26:55 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
გოგამ 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ეს, ამერიკელი ნორის კოულის მაჩვენებელთან ერთად, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო შედეგი იყო. ამ უკანასკნელმა 20 ქულას 11 პასი წაამატა.
“ბუდუჩნოსტს” 6 მოგება და 16 მარცხი შერჩა და კვლავაც ბოლოსწინა მე-15 ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 22 თებერვალს, ლიტვაში, კაუნასის “ჟალგირისთან” ჩაატარებს.