ფეხბურთი

19:47 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური ამბავი - ფეხბურთელი, რომელსაც "აბერდინთან" ყოველთვის აძევებენ

შოტლანდიურ „რეინჯერსს“ ისეთი ფორვარდები ჰყოლია, მათთან ალფრედო მორელოში რა სახსენებელია, მაგრამ დღეს მასზე უნდა გიამბოთ. 22 წლის კოლუმბიელი, რომელიც მიმდინარე სეზონში გლაზგოელთა საუკეთესო ბომბარდირია როგორც პრემიერშიფში, ისე ყველა ტურნირის ჩათვლით - 22 გოლი (15 პრემიერშიფში, 4 ევროპა ლიგაზე, 3 შოტლანდიის თასზე).

თუმცა, ახლა სხვა საკმაოდ უცნაურ ამბავზე: მორელოში შოტლანდიის პრემიერშიფის მიმდინარე სეზონში სამჯერ გააძევეს. ბოლოს გუშინ, „აბერდინთან“ (4:2) საგარეო მატჩში. სხვათა შორის, სანამ გააძევებდნენ, იქამდე დუბლის გაფორმებაც მოასწრო.

თავისთავად, თავდამსხმელს ერთ სეზონში 3 წითელი ბარათი რომ აქვს, უკვე უცნაურია, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესო სხვა გარემოებით ხდება - სამჯერვე „აბერდინთან“ გააძევეს. სერ ალექს ფერგიუსონის პირველი გუნდის წინააღმდეგ კოლუმბიელმა მიმდინარე სეზონში 3-ჯერ ითამაშა და ყველა ჯერზე მოედანი წითელი ბარათით ნაადრევად დატოვა! სხვათა შორის, შოტლანდიის ჩემპიონატში (მიმდინარე სეზონში) სამჯერ არავინ გაუძევებიათ და მორელოში ამ კუთხითაც ლიდერია...

ისე კი, ერთი წითელი ბარათი ევროპა ლიგის პლეი-ოფში რუსულ „უფასთანაც“ მიიღო და გამოდის, რომ ამ სეზონში უკვე ოთხჯერ გააძევეს. და, ერთიც: „რეინჯერსს“ მოგეხსენებათ, ლეგენდარული სტივენ ჯერარდი წვრთნის და ინგლისელს მთელი კარიერის განმავლობაში (დაახლოებით 700 თამაში) 4 წითელი ბარათი აქვს მიღებული. ანუ, ზუსტად იმდენი, რამდენიც მისმა შეგირდმა მიმდინარე სეზონში „გამოიმუშავა“.

0.114742