აქამდე, აშშ-ს კოლეჯების ლიგის (NCAA) მატჩებზე საუბრისას 2 ქართველი კალათბურთელის – სანდრო მამუკელაშვილისა და ვილი ისიანის თამაშს მიმოვიხილავდით, დღეიდან კი განსაკუთრებულ ყურადღებას კიდევ ერთ ჩვენებურს – ილინოისის უნივერსიტეტის 20 წლის წევრ გიორგი ბეჟანიშვილს დავუთმობთ.
ვინ არის ბეჟანიშვილი? გიორგი 1998 წლის 16 ნოემბერს რუსთავში დაიბადა და ბავშვობა სწორედ ამ ქალაქში გაატარა, 3 წლის ასაკში კი, დედასთან და უფროს ძმა დავითთან ერთად ავსტრიას მიაშურა.
14 წლის ასაკში გიორგი ვენაში გადაბარგდა, 2016 წელს კი ავსტრიის ნატურალიზებული მოქალაქის სტატუსი მიიღო. რუსთაველი ბიჭი თავისუფლად საუბრობს ქართულად, რუსულად, ინგლისურადა და გერმანულად.
ბეჟანიშვილი პატარაობაში ცეკვით იყო დაკავებული და საკმაოდ კარგი მონაცემებიც ჰქონდა, მალე კი მთელი აქცენტი კალათბურთზე გადაიტანა და როგორც სჩანს, ეს, საუკეთესო ნაბიჯი გახლდათ.
გიორგი კალათბურთს სერიოზულად ვენური “ბასკეტ ფლეიმსის” ახალგაზრდულ სისტემაში ეზიარა, 2014-16 წლებში კი ძირითად გუნდში მოხვდა და ავსტრიის მე-2 ბუნდესლიგაში ირჯებოდა. შემდეგ სეზონში გიორგი უკვე “კლოსტერნოიბურგ დუკსში” ჩაირიცხა და ავსტრიის უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა.
ბეჟანიშვილის კლოსტერნოიბურგული საშუალო მონაგარი 6.2 ქულა, 2.6 მოხსნა და 1.4 პასი გახლდათ და ამ დროს ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ის ოკეანის გაღმა აღმოჩნდებოდა, თუმცა, გიორგი რთულ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ შეუყვა და მას დამაჯერებლად მიუყვება.
ჩვენებური აშშ-ში პატრიკის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა და სწორედ იქ მიიღო წინადადება ილინოისის უნივერსიტეტის მთავარი მწვრთნელის ბრედ ანდერვუდისგან. მაშინ გიორგის უკვე “მინესოტა”, მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლი” და “სენტ ბონავენტურიც” ეპატიჟებოდნენ, თუმცა, გიორგიმ არჩევანი ილინოისზე გააკეთა.
ამ დროისთვის ბეჟანიშვილის სიმაღლე 2.06 მეტრია, წონა კი – 104 კგ. და ბოლო პერიოდია, მას საოცარო პროგრესი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კოლეჯების ლიგაში პირველ სეზონს ატარებს და “ფრეშმენია”, მასზე უკვე ბევრი რამაა დამოკიდებული.
ცნობისთვის, “ფრეშმენი” იყო გასულ სეზონში მამუკელაშვილი და კარგად გვახსოვს, რომ მას ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა და ცხადია, სტატისტიკაც გამორჩეული არ ჰქონია. აი, ბეჟანიშვილის შემთხვევაში კი, საქმე სულ სხვაგვარადაა.
კოლეჯების ლიგაში სადებიუტო სეზონშივე, ის სასტარტო ხუთეულის წევრად იქცა და მოედანზე საშუალოდ 24.9 წუთს ატარებს, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 0.9 პასი, 0.3 დაფარება, 0.4 ჩაჭრა, 2.3 დაკარგვა. გიორგი თამაშიდან 52.2%-ით უტევს, საჯარიმოს ნიშნულიდან კი – 59.7%-ით.
ბეჟანიშვილმა, რომელსაც უფრო მძიმე ფორვარდის მონაცამები აქვს, თუმცა, ილინოისის უნივერსიტეტში ცენტრის პოზიციაზე თამაშობს, სეზონში ყველაზე მეტი – 22 ქულა “ნოტრ დამს” ჩაუგდო, “მინესოტასთანა” და “ვისკონსინთან” კი 20-20 ქულა ჰქონდა.
ქართველი ლეგიონერის გუნდმა მორიგი მატჩი სწორედ დღეს დილით ჩაატარა და ბიგ 10-ს კონფერენციის ლიდერ “მიჩიგანს” სენსაციური მარცხი აგემა – 79:74. საინტერესოა, რომ ილინოისელებს კოლეჯების ლიგის ტოპ ათის წევრებთან მიჯრით 17 მატჩი ჰქონდა წაგებული, დღეს კი, 6-წლიანი ნავსი გატეხეს, რაშიც ბეჟანიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა.
გიორგიმ მოედანზე 32 წუთი გაატარა და 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 11-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ქართველ-ავსტრიელი კალათბურთელი თანაგუნდელთა შორის მხოლოდ აიო დოსუნმუს ჩამორჩა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო.
საინტერესოა, რომ თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია ტელეკომპანია “ვიასატმა” აწარმოა და კომენტატორს ბეჟანიშვილის გარჯით აღფრთოვანება არ დაუმალავს. მან ხაზი გიორგის “ფრეშმენის” სტატუსს გაუსვა და აღნიშნა, რომ თუკი ახალგაზრდა ცენტრმა ასე განაგრძო, 2 სეზონის თავზე ნბა-სთვის ყველაფრით მზა კალათბურთელს მივიღებთო.
ცნობისთვის, შეხვედრის კომენტატორი ბეჟანიშვილს ქართველად მოიხსენიებდა და ასეთივე ტიტრი (Rustavi, Georgia) ერთვოდა ჩვენებურის გვარს რეპორტაჟის დროსაც. სხვათა შორის, შეხვედრის რეჟისორები მთავარ აქცენტს სწორედ გიორგიზე აკეთებდნენ, მაყურებელს გრაფიკულად მისი წარსულის შესახებ ამცნეს და ისიც აჩვენეს, მატჩის წინ, ბეჟანიშვილი ერთ-ერთ ჟურნალისტს საცეკვაო ილეთებს როგორ ასწავლიდა.
ახლა, უმთავრესზე. ფავორიტის ძლევამ ილინოისელთა “ფარმ სენთერში” შეკრებილი პუბლიკა სრულ ექსტაზში მოიყვანა. დარბაზში 12 960 (!) ადამიანი გახლდათ შეკრებილი (მათ შორის გიორგი ძმა დავითიც გახლდათ), საფინალო სირენასთან ერთად კი, რამდენიმე ასეული ქომაგი მოედანზე შევიდა და წარმატების აღნიშვნა კალათბურთელებთან ერთად დაიწყო.
შემთხვევითი არ ყოფილა, რომ გულშემატკივართა ალყაში ბეჟანიშვილიც მოექცა. გიორგი ინტერვიუებს არიგებდა, ქომაგები კი მის სახელს გაჰყვიროდნენ. ყველაზე სასიხარულო კი ისაა, რომ ბეჟანიშვილს ზურგზე საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული და ამით ნათელი გახადა, პრიორიტეტს რომელ ქვეყანას ანიჭებს.
ცხადია, ახლა სიტყვა საქართველოს კალათბურთის ფედერაციაზეა, რომელმაც მამუკელაშვილთან დაკავშირებული პრობლემა ოპერატიულად მოაგვარა და კარგი იქნება, თუკი ამ შემთხვევაშიც ყოჩაღად იმოქმედებს. იმ ფონზე, როდესაც ქართული კალათბურთისთვის თითოეული ნიჭიერ მოთამაშეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გიორგისთვის საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება საშური საქმე იქნება.
დასასრულ დავძენთ, რომ ილინოისის უნივერსიტეტს ბიგ 10-ს კონფერენციაში 4 მოგება და 8 მარცხი აქვს და მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 10 თებერვალს, ისევ შინ, “რატგერს სკარლეტ ნაიტსთან” ჩაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიდეოზე კი აფრიალებს "ხვთავებრივ" ხუთჯვრიან დროშას..ესეიგი მოქალაქეობის პრობლემაც მოხსნილია
წარმატებები ყველას ამ დროშის ქვეშ.
ამინ
3 წლის ავსტრიას მიაშურა და 14 წლის ვენაში გადაბარგდაო. 11 წელი ფეხით მიდიოდა ვენაში, თუმცა ფეხით 1 წელში კი ჩახვალ მშვიდი ტემპით...
stripslashes((strlen('http://tivix.co/117-viasat-sport.html')>0?'http://tivix.co/117-viasat-sport.html':'http://tivix.co/117-viasat-sport.html')) გამეორება თამაშის.
ისიანი,ბულაშვილი,შენგელია,ჯანელიძე,სანაძე,შერმადინი,ბითაძე,ბურჯანაძე და მამუკელაშვილი
მოკლედმ აგარი გუდი ყალიბდება მაგრამ გამთამაშებელი არავინ გვყავს ანდრონიკაშვილის იმედზე კიდევ მარტო ვერ იქნები
რა ლოგიკით უნდა თქვას ნაკრებში თამაშზე უარი
ნიკოლა ვუჩევიჩსაც მსგავსი სიტუაცია ჰქონდა შვეიცარიის მოქალაქეობა ჰქონდა და მგონი ნაკრებშიც უთამაშია თუ არ ვცდები არ ვიცი ზუსტად მაგრამ მერე ისევ დაბრუნდა მონტენეგროში და არც უნანია...მაღლების პრობლემა მოხსნილია თან დიდი ხნით მსროლელიც არის ასე თუ ისე უნივერსალია თან შეუძლია მესამეზეც დადგეს დუდას ერთი კაი გამთამაშებელი გვჭირდება
ანდრონიკაშვილი და ბულაშვილი უნდა დადგნენ კარგი კალათბურთელები. აი მსროლელის პოზიციაზე კი ჯენინგსი ან მისთანა ვიღაც და 3 წელში ძალიან, ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება
იმედია უარს არ იტყვის საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ისე მაღლები შესანიშნავი კონტიგენტი იკრიბება, იმედია გამთამაშებლებიც წამოვა თორემ სანამ უნდა ვიყოთ მხოლოდ ბუს იმედათ. ნატურალიზებული კი როდის დაიხურავს ქუდს და წავა კაცმა არ იცის.
მოკლედ ამ ბოლო დროს იმდენი ვარსკვლავი წამოვიდა მომავალი მსოფლიო და ოლიმპიადა უნდა მოვიგოთ DD
კაი გამთამაშებლის გარეშე ფეხებს მევიგებთ ძმა... ბუს იმედზე იქნა ჩემი მტერი
მოდიან გამთამაშებლებიც ანდრონიკაშვილი და ის მეორე კიდევ გვარი დამავიწყდა
წარმატებები ქართველო!!!
წარმატებით გაგეხარებიოთ მრავალგზის აბა შენ იცი!