ფეხბურთი

3:35 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კრილიას" მწვრთნელი: "ანანიძის ტრანსფერი ჩვენთვის სერიოზული გაძლიერებაა"

სამარის „კრილია სოვეტოვი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და გუნდთან ერთადაა ჯანო ანანიძეც. ამასობაში, სამარელთა ვებგვერდზე მთავარი მწვრთნელის მიოდრაგ ბოჟოვიჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ახალწვეულების შესახებაც საუბრობს.

მართალია, ჩვენებურის თაობაზე ცალკე არ უსაუბრია, მაგრამ სამედოვთან და შიშკინთან ერთად გამოყო და აღნიშნა, რომ ისინი „კრილიას“ დაეხმარებიან.

„ექვსიდან სამი ფეხბურთელი ჩემთან უკვე მუშაობდა. ესენი არიან შიშკინი, სამედოვი და ჯანო. ზინკოვსკი, კარპოვი და ტიმოფეევი - არა. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელებით სერიოზულად გავძლიერდით და დავალების შესრულებაში დაგვეხმარებიან.

რამდენად შეიცვალნენ ჯანო, სამედოვი და შიშკინი? - უფრო ასაკოვნები გახდნენ (იღიმის). ისინი კვლავ იმ პოზიციებზე ითამაშებენ, რომელზეც აქამდე თამაშობდნენ. გამოცდილი ფეხბურთელები არიან. მთავარია, ღმერთის წყალობით ჯანმრთელად იყვნენ, ტრავმების გარეშე. ვფიქრობ, ისინი შეასრულებენ თავიანთ დავალებას“, - ციტირებს „კრილიას“ ვებგვერდი ბოჟოვიჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე „კრილია სოვეტოვში“ მოსკოვის „სპარტაკიდან“ იჯარით სეზონის ბოლომდე გადავიდა. ჯანო ბოჟოვიჩთან 2013-2014 წლების სეზონში „როსტოვში“ მუშაობდა, როდესაც "სახალხო გუნდიდან" ასევე განათხოვრებული იყო.

ალბათ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ანანიძის კარიერაში საუკეთესო სეზონი სწორედ „როსტოვში“ გატარებული პერიოდია, როდესაც გუნდის ლიდერი გახლდათ და რუსეთის თასის მოგებაშიც სოლიდური წვლილი შეიტანა.

0.127461