ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) წყვილთა შეჯიბრსაც პირველივე წრეში გამოეთიშა, თუმცა, ერთეულებისგან განსხვავებით, კორტზე საერთოდ არ გასულა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბასილაშვილმა “სოფია ოუფენზე” სასტარტო შეხვედრა დღის პირველ ნახევარში ჩაატარა და რეიტინგში 180-ე ადგილზე მყოფ გერმანელ ჩოგბურთელ დანიელ ბრანდსთან 6:7 (7:9), 5:7 წააგო, ამასთან, ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.
ნიკოლოზს თამაშისას აშკარა უხასიათობა ეტყობოდა და სჩანდა, რომ სასურველი თამაშის ჩვენებას ვერ ახერხებდა, ამდენად, მოსალოდნელიც იყო, რომ წყვილთა ტურნირში ჩაბმის სურვილი გაუნელდებოდა.
სავარაუდოა, რომ ბასილაშვილის თხოვნის საფუძველზე, ქართველი და მისი მეწყვილე – ავსტრალიელი მეტიუ ებდენი კორტზე აღარ გასულან და მათ მეტოქეებს – “უაილდ ქარდის” მქონე ბულგარელებს დონსკისა და ლაზაროვს გამარჯვება უბრძოლველად ერგოთ.