ფეხბურთი

1:52 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი, შევჩენკო და სერია A-ს აღმოჩენა - დიდი ნახტომი პოლონური ექსტრაკლასადან

კრშიშტოფ პიონტეკს ერთი წლის წინ ფართო საფეხბურთო წრეში ნამდვილად იცნობდნენ. ჯერ კიდევ სამშობლოში „კრაკოვიას“ ღირსებას იცავდა და ექსტრაკლასში პირველად ითამაშა ფორვარდისთვის დამახასიათებელი შედეგიანობით (21 გოლი გაიტანა).

ვინ წარმოიდგენდა, რომ მანამდე არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი ამოდენა ნახტომს გააკეთებდა?! - ალბათ, ვერც თავად პოლონელი. ზაფხულში ის „ჯენოას“ შეუერთდა და მოკრძალებული გენუური გუნდიდან აალაპარაკა ყველა. „როსობლუს“ რიგებში საბოლოოდ ჯამში 21 მატჩში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა (6 იტალიის თასზე 2 მატჩში, დანარჩენი სერია A-ში).

შედეგად, „მილანში“ აღმოჩნდა. „როსონერი“ გონსალო იგუაინს შეელია და პიონტეკმა ისე დაიწყო, შავ-წითლებს ანდრეი შევჩენკო გაახსენა. 3 მატჩი, 3 გოლი. დუბლი „ნაპოლისთან“, გოლი "რომასთან". მოკლედ, 23 წლის პოლონელი ამტკიცებს, რომ შემთხვევითობა არ იყო ის, რაც „ჯენოაში“ გააკეთა.

სხვათა შორის, მას „ახალ ლევანდოვსკის“ ეძახიან და პოლონეთის ნაკრებშიც მოასწრო თავის გამოჩენა - 2 მატჩი, 1 გოლი.

პიონტეკი ალბათ ბევრი ფეხბურთელისთვის მაგალითი უნდა გახდეს. პოლონურ ექსტრაკლაში ბევრი ჩვენებური თამაშობს და სწორედ ამიტომ, მისი ამხელა პროგრესი გვხვდება თვალში. ექსტრაკლასადან სერია A-ს გამორჩეული ფორვარდი გახდე და ეს ყველაფერი 6 თვეში, ალბათ დიდი შრომის შედეგია.

სწორედ ამას გაუსვა ხაზი თავად კრშიშტოფმა Foot Truck-თან ინტერვიუში:

„ზეწოლა? ეს გზა მე თვითონ ავირჩიე. ყოველდღე ბევრი უნდა ვიმუშაო და ბოლოს შედეგსაც მივიღებ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა „სან სიროზე“ ვთამაშობ, „კრაკოვიაში“ თუ პოლონეთის ნაკრებში.

მსიამოვნებს, რომ ხალხი მცნობს. ზეედორფმა ფოტოს გადაღება მთხოვა, შევჩენკომ „ნაპოლისთან“ მატჩამდე ჩემზე ისაუბრა. ეს რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. როდესაც იტალიაში ჩამოვედი, პირველი ვარჯიშის შემდეგ მიზნად დავისახე სეზონში 12 გოლის გატანა. თუმცა, ამ შედეგს უკვე გადავაბიჯე.

როდესაც „სან სიროზე“ პირველად შევდგი ფეხი? მარტო ვიყავი, ყურსასმენები მეკეთა. ტაში დამიკრეს და მეც ტაში დავუკარი ქომაგებს. ეს იყო საოცარი ემოცია, რადგან ტიფოზები ასე დახვდნენ ფეხბურთელს, რომელსაც გუნდისთვის ჯერ არაფერი გაუკეთებია. ეს ჩემს კარიერაში ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა პიონტეკმა.

0.115947