ჭიდაობა

14:35 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ყაველაშვილი: "სპორტსმენები ცხელი ემოციით გამოირჩევიან"
"მთავარია პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს დავუბრუნოთ"

ჭიდაობის ოჯახში უნდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა, თუმცა ამ ეტაპამდე პროცესი ვერ მივიდა, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საჭიროა პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში მოგვარება.

"არ უნდა გავართულოდ და არ გვჭირდება სიტუაციის დრამატიზება. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომელიც მოხდა, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, გულშემატკივრისთვის არასასიამოვნო ფაქტია. მე ვთვლი, რომ ჭიდაობის ოჯახში უნდა მოგვარებულიყო ეს პროცესი, შეიძლება ეს მზაობა ჰქონოდათ, თუმცა ამ ეტაპამდე ვერ მივიდა ," - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დათუნაშვილთან შეხვედრისკენ იმ გზავნილმა უბიძგა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავად დავითაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და ეხებოდა მისი ქვეყნიდან და კარიერიდან წასვლის საკითხს.

"შემაწუხა ამ წერილმა და საზოგადოებაც შეაწუხა. გამოვთქვი სურვილი, რომ შევხვედროდი ზურა დათუნაშვილს და მემგონი, ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი იმ სპორტსმენის უსაფრთხოება და უფლებები, ასევე სავარჯიშო პირობები იყოს დაცული და გარანტირებული, რომელსაც ასეთი დიდება მოაქვს ქვეყნისთვის. ნებისმიერ ფედერაციაში არის დაპირისპირებები, სპორტსმენები განსხვავებული, ცხელი ემოციით გამოირჩევიან, მაგრამ მთავარია პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებს დავუბრუნოთ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კითხვაზე: თუ რამდენად სწორია ამ ინციდენტის ფონზე გეგა გეგეშიძისთვის თანამდებობის შენარჩუნება, ყაველაშვილმა უპასუხა, რომ „მოლაპარაკებების რეჟიმი დაწყებულია და არაა საჭირო მოვლენებს გავუსწროთ“. ყაველაშვილის თქმით, ჭიდაობის ფედერაციასთან და მათ შორის გეგა გეგეშიძესთან შეხვედრა იგეგმება.

www.ipn.ge

0.115921