ფეხბურთი

2:12 | 4.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” ვერ ისარგებლა, “რეალმა” ჩამორჩენა შეამცირა

მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” შინაურ კედლებში “ვალენსიასთან” ფრედ ითამაშა, ლიდერთან ჩამორჩენის შანსი ჰქონდა “ატლეტიკოს”, თუმცა, დიეგო სიმეონეს შეგირდებს წარუმატებლობა შეემთხვათ.

მადრიდელები აწ უკვე მე-6 ადგილზე აღზევებულ “ბეტისს” სტუმრობდნენ და ერთადერთი გოლის წყალობით წააგეს, რომელიც სერხიო კანალესმა 65-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ ანდალუზიელებს “ატლეტიკო” ბოლოს 2011 წელს ჰყავდათ დამარცხებული და ისიც – სტუმრად, შინაურ კედლებში კი დედაქალაქელები 13 (!) წლის განმავლობაში, 2006 წლის იანვრის მერე ვერ დაეჯაბნათ.
სამაგიეროდ, პირველ-მეორე ადგილოსანთა წაფორხილებით კარგად ისარგებლა მადრიდის “რეალმა”, რომელიც ნელ-ნელა კრიზისს თავს აღწევს.
“სამეფო კლუბმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ალავესი” 3:0 დაამარცხა და ახლა, კატალონიელებს 8 ქულით ჩამორჩება, “ატლეტიკოსთან” კი მხოლოდ 2 ქულაღა აშორებს.
ამჯერადაც გამოიჩინა თავი 31 წლის ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ, რომელსაც უკანასკნელ ოთხ მატჩში 6 გოლი მოუგროვდა, თამაშის მიწურულს კი ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა და ბენზემას ნაცვლად შესულმა მარიანო დიასმაც გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა 6 დეკემბრის მერე პირველად ითამაშა და მეტოქის კარის დასალაშქრად 15 წუთი ეყო.
ერთი საინტერესო დეტალიც. ბასკეთს თავს დამტყდარი დიდთოვლობის გამო, ალავესელები მადრიდში ავტობუსით 400 კილომეტრის გავლის შემდეგ ჩავიდნენ და ღამითაც იგივე გზის გავლა მოუხდებოდათ.

“ვილიარეალი” – “ესპანიოლი” 2:2 (1:0)
გოლები: იბორა (37), კასორლა (65) – ბონერა (75 აგ.), როსალესი (81)

“ბეტისი” – “ატლეტიკო” 1:0 (0:0)
გოლი: კანალესი (65 პენ.)

“ეიბარი” – “ჟირონა” 3:0 (1:0)
გოლები: პენა (37), შარლესი (46, 58 პენ.)

“რეალი” – “ალავესი” 3:0 (1:0)
გოლები: ბენზემა (30), ვინისიუს ჟუნიორი (80), მარიანო დიასი (90).

0.113457