ფეხბურთი

23:00 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს ჰეთ-თრიკი, სოლსკიაერის მორიგი გამარჯვება

ტურის ცენტრალურ მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “არსენალი” მიიღო და მოსალოდნელი გამარჯვება იზეიმა – 3:1, თამაშის გმირი კი სერხიო აგუერო გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

საინტერესოა, რომ არგენტინელმა ფორვარდმა პირველივე წუთზე გოლის გატანა მიჯრით მე-2 მატჩში მოახერხა. კუნმა “ნიუკასლი” 25-ე წამზე დაამწუხრა, ლონდონელებს კი ბურთი 47-ე წამზე შეუგდო.
ვთქვათ ისიც, რომ აგუერომ ჰეთ-თრიკი უკვე მეათედ დააფიქსირა და პრემიერლიგის ეპოქაში ეს მეორე მაჩვენებელია. პირველ ადგილზე ალან შირერია 11 ჰეთ-თრიკით. ამას გარდა, სერხიო ბომბარდირთა დავაშიც დიდი ნახტომი გააკეთა და 20 მატჩში 14 გოლით მე-3 ადგილზე მყოფ ჰარი კეინს გაუთანაბრდა. ერთით მეტი გოლი აქვს არსენალელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს, მოჰამედ სალაჰი კი 16 გოლით ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ აგუეროს პირველი გოლი ლორენ კოშიელნიმ თავურით მალევე გაქვითა, თუმცა, ამის შემდეგ მინდორზე მხოლოდ 1 გუნდი ჩანდა. მე-2 ტაიმში უნაი ემერის შეგირდებს მეტოქის კარისკენ ერთხელაც კი არ დაურტყამთ, მაშინ როდესაც “სიტის” აქტივში 13 დარტყმა ჰქონდა.
ამგვარად, პეპ გვარდიოლას ბიჭებმა 25 მატჩში 59 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ 2 ქულითღა ჩამორჩებიან “ლივერპულს”, რომელიც ტურის შეხვედრას ხვალ, ლონდონში, “ვესტ ჰემთან” ჩაატარებს.
ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელში წარმატებულ თამაშს განაგრძობს “მანჩესტერ იუნაიტედი”. ნორვეგიელი სპეციალისტის მეთაურობით “წითელმა ეშმაკებმა” პრემიერლიგის 8 მატჩიდან მე-7 მოიგეს და ინ ერთი შეხვედრაც ფრედ აქვთ დასრულებული.
საინტერესოა, მანჩესტერელებმა ასევე 7 მატჩი მოიგეს ჟოზე მოურინიოს წინამძღოლობითაც, თუმცა, პორტუგალიელის ხელში 5 ფრე და 5 მარცხიც ჰქონდათ.
დღეს, “იუნაიტედი” “ლესტერს” სტუმრობდა და ერთადერთი გოლის წყალობით სძლია. პირველ ტაიმში თავი მარკის რეშფორდმა გამოიჩინა, რომელმაც პოლ პოგბას პასი დაუფასა.
თამაშის შემდეგ, ლესტერელთა თავკაცი კლოდ პიუელი დამწუხრებული იყო, მეტოქეზე არანაკლები მომენტი შევქმენით და მინიმუმ ფრე უნდა გვეთამაშაო, სოლსკიაერმა კი შეგირდებს თავდადებული გარჯა დაუფასა.

“ლესტერი” – “მანჩესტერი” 0:1 (0:1)
გოლი: რეშფორდი (9)

“სიტი” – “არსენალი” 3:1 (2:1)
გოლები: აგუერო (1, 44, 61) – კოსიელნი (11)

0.120807