საქართველოს ეროვნული ლიგის ბინადარ ბათუმის „დინამოში“ ორი ახალწვეულია. როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ევგენი ზუბეიკო „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ხოლო კონტრაქტის ხანგრძლივობა ამ ეტაპზე უცნობია.
ზუბეიკო 29 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველია, რომელსაც ამ ქვეყნის პრემიერლიგაში 133 მატჩი აქვს ჩატარებული.
სხვა და სხვა დროს ზუბეიკო ოდესის „ჩერნომორეცის“, ხარკოვის „მეტალისტის“, ლვოვის „კარპატისა“ და დონეცკის „ოლიმპიკის“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი სწორედ დონეცკელთა რიგებში გაატარა და უკრაინის ჩემპიონატში 16 თამაშიც ჩაატარა (ყველა ძირითად შემადგენლობაში). 2017-2018 წლების სეზონში კი „ჩერნომორეცის“ ღირსება 23-ჯერ დაიცვა. გარდა ამისა, რუსულ „ტოსნოშიც“ აქვს ნათამაშები.
გარდა ამისა, „დინამომ“ ნიგერიელი ნახევარმცველი ბენჟამინ ტეიდი დაიმატა, რომელიც ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. ტეიდი ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი.
ნიგერიელი ფეხბურთელი 2012-2018 წლებში „გაგრას“, „გურიას“, „ალგეთის“, „იმერეთისა“ და მარტვილის „მერანის“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი კი, ლატვიურ „ლიეპაიაში“ გაატარა.