სტამბულში მიმდინარე "ვები ემრეს" სახელობის საერთაშორისო ტურნირის პირველი საფინალო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 3 მედალი - 1 ოქრო და 2 ბრინჯაოს მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონი ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე (63 კგ.) გახდა, ვინც ფინლაში აზერბაიჯანელი კამრან მამადოვი 7:1 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ მაჭარაშვილმა (55 კგ.) და გიორგი მელიამ (97 კგ.) მოიპოვეს. მაჭარაშვილის მცირე ტრავმის გამო თანაგუნდელი ნუგზარ წურწუმია არ გამოუცხადდა, მელიამ კი ასევე თანაგუნდელ მათე სოფაძეს 2:1 სძლია.
დღესვე წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები გამართეს 60, 67, 77, 87 და 130 კგ. კატეგორიის ფალავნებმა. ქართველთაგან ფინალში დემურ ქავთარაძე (77 კგ.) გავიდა, ხოლო საჩინო დავითაია (67 კგ.) და შალვა ხალიძე (87 კგ.) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკი ხვალ, 3 თებერვალს, 13:00 საათზე დაიწყება.
"ვები ემრეს" სახელობის რიგით 37-ე საერთაშორისო ტურნირზე 11 ქვეყნის 200-ზე მეტი ფალავანი იღებს მონაწილეობას.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური