ფეხბურთი

10:20 | 2.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების სატრანსფერო იანვარი (+გამოკითხვა)

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში 31 იანვარს დაიხურა. გასული ერთი თვე საინტერესო ტრანსფერებით გამოირჩა და მათ შორის, ქართულ ფეხბურთშიც. დღევანდელ წერილში კი იმ ფეხბურთელთა შესახებ ვისაუბრებთ, რომლებმაც იანვარში გუნდები გამოიცვალეს.

საგულისხმოა, რომ საუბარი მხოლოდ ლეგიონერებზე გვექნება. ბევრმა ჩვენებურმა შეიცვალა გუნდი და სეზონის მეორე ნაწილს დიდი მოლოდინით ვხვდებით. მაგალითისთვის, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია, გიორგი ლორია, ლაშა დვალი, გიორგი მაკარიძე და სხვანი...

მოკლედ, გთავაზობთ, იანვრის ყველა ტრანსფერს ერთ გვერდზე:

ჯანო ანანიძე („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი)

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოსკოვის „სპარტაკს“ რომ დატოვებდა, ჯერ კიდევ დეკემბერში გაცხადდა. შედეგად, ქართველ ქომაგს ჩაესახა იმედი, რომ ჯანო ევროპაში წავიდოდა ძალების მოსასინჯად. წესით ასეც უნდა ყოფილიყო და არნემის „ვიტესში“ მისი ტრანსფერი ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაიშალა. საბოლოოდ, ჯანო სამარის „კრილია სოვეტოვში“ 6-თვიანი იჯარით გადავიდა, სადაც 10-ნომრიანი მაისური მოირგო და ძველი ნაცნობი მიოდრაგ ბოჟოვიჩი დახვდა, რომლის ხელმძღვანელობით კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა („როსტოვში“ 2013-2014).

ვახტანგ ჭანტურიშვილი („ჟლინი“, ჩეხეთი)

ვახტანგ ჭანტურიშვილი სლოვაკური „სპარტაკის“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და გასულ შემოდგომაზე ევროპა ლიგაზე ითამაშა (გოლიც გაიტანა ზაგრების „დინამოსთან“). იანვარში ტრნავას გუნდი მაინც დატოვა და იქვე მეზობლად, ჩეხურ „ჟლინში“ გადავიდა.

ვახტანგმა ახალ გუნდთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ჟლინი“ ჩეხეთის ჩემპიონატში ამ დროისთვის მეექვსე ადგილზე იმყოფება და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ვაკო გვილია („გორნიკი“, პოლონეთი)

ვაკო გვილია შვეიცარიული „ლუცერნის“ მთავარი მწვრთნელის სათამაშო სქემაში არ ჯდებოდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ გუნდი დატოვა. 25 წლის ფეხბურთელი პოლონეთის ექსტრაკლასაში მრავალრიცხოვან ქართულ ლეგიონს შეუერთდა და „გორნიკთან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

ვაკოს ახალი გუნდი უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის და 20 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-15 ადგილზეა. წესით, გვილია ამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს.

დავით ვოლკოვი („გაბალა“, აზერბაიჯანი)

საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ დატოვა და აზერბაინის ჩემპიონატში გადავიდა დავით ვოლკოვი. 24 წლის ფორვარდმა „გაბალასთან“ 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ლევან ხარაბაძე („ციურიხი“, შვეიცარია)

„დინამო თბილისის“ იმედის მომცემი მცველი ლევან ხარაბაძე შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ „ციურიხში“ გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი შვეიცარიელთა რიგებში 1.5-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს და თავს თუ გამოიჩენს, ვინ იცის, როგორ წარიმართოს მისი კარიერა.

18 წლის ლევანი „ციურიხის“ რიგებში სპარინგ მატჩებში მუდმივად თამაშობს და ვნახოთ, სეზონი რომ განახლდება, ოფიციალურ შეხვედრებში რამდენად დაიტვირთება. „ციურიხი“ კი შვეიცარიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და პარალელურად ევროპა ლიგის 1/16 ფინალშიც იმყოფება.

გიორგი რეხვიაშვილი („ლევადიაკოსი“, საბერძნეთი)

„საბურთალოს“ წამყვანი ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში აღმოჩნდა. გიორგიმ „ლევადიაკოსთან“, რომელიც ამ დროისთვის გასავარდნ ზონაშია და გადარჩენისთვის იბრძვის, 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რეხვიაშვილს ჰქონდა ახალ გუნდში უკვე დებიუტი და საბერძნეთის ჩემპიონატში ათენის აეკ-თან საგარეო შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი გაბედავა („ზაგლებიე“, პოლონეთი)

საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი პოლონეთის ექსტრაკლასის აუტსაიდერ „ზაგლებიეში“ გადავიდა. მხარეებს შორის 6-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა ერთი წლის გახანგრძლივების პერსპექტივით.

გაბედავასთან ერთად სოსნოვიცელთა რიგებში ჩაირიცხა „დინამოს“ ყოფილი შემტევი გიორგი ივანიშვილი. ვნახოთ, როგორ დაეხმარება ქართული შემტევი დუეტი გუნდს, რომელიც ამ დროისთვის ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

ირაკლი ბუღრიძე („ბეერსხოტი“, ბელგია)

სახერის „ჩიხურასა“ და საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შემტევი ირაკლი ბუღრიძე ბელგიურ „ბეერსხოტში“ გადავიდა. ჩვენებურმა ახალ გუნდთან 1.5-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელშიც დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელები იქნება თანამშრომლობის 2 წლით გახანგრძლივებაც.

„ბეერსხოტი“ ბელგიის მეორე დივიზიონში თამაშობს, მაგრამ მოწინავე პოზიციაზეა და დიდი შანსია ახალი სეზონიდან იუპილერ ლიგაში ითამაშოს.

ზურიკო დავითაშვილი („რუბინი“, რუსეთი)

თბილისის „ლოკომოტივის“ აწ უკვე ყოფილი შემტევი ყაზანის „რუბინში“ გადაბარგდა. ფეხბურთელს „რკინიგზელებთან“ ხელშეკრულება ამოეწურა და რუსეთს მიაშურა. დავითაშვილმა ყაზანელთა რიგებში რამდენიმე სპარინგი უკვე ჩაატარა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

გიორგი ლორია („მაგდებურგი“, გერმანია)

გიორგი ლორიას 6-თვიანი უგუნდობისა და ხანგრძლივი უთამაშებლობის პერიოდი წარსულს ჩაბარდა. ქართველმა მეკარემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „მაგდებურგთან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.

ლორიამ უკვე ჩაატარა პირველი ორი ოფიციალური თამაში მეორე ბუნდესლიგაში და დებიუტიც წარმატებული იყო „აუესთან“, სადაც გოლიც არ გაუშვა და მისმა გუნდმა, რომელიც აუსტაიდერთა შორისაა, ნანატრი გამარჯვება მოიპოვა (30 სექტემბრის შემდეგ პირველად). იგივე მოხდა "ინგოლშტადთან" მატჩში - "მაგდებურგმა" მოიგო, ლორიამ გოლი არ გაუშვა.

ზაქარია ბეგლარიშვილი („ჰონვედი“, უნგრეთი)

ესტონეთში გატარებული წარმატებული წლების შემდეგ ზაქარია ბელგარიშვილმა, რომელიც სულ მალე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს, კარიერის უნგრეთში გაგრძელება არჩია. ქართველი შემტევი „ჰონვედში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. „ჰონვედი“ უნგრეთის ერთ-ერთი სახელოვანი გუნდია და ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება 29 ქულით.

ლაშა შერგელაშვილი („იანინა“, საბერძნეთი)

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ლატვიური „რიგასი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბერძნულ „იანინას“ დაუკავშირა საკუთარი კარიერა.

„იანინა“ საბერძნეთის სუპერლიგაში თამაშობს და ჩვენებურმა უკვე მოასწრო ახალი გუნდის რიგებში ორი სრულფასოვანი თამაშის ჩატარება.

ხვიჩა კვარაცხელია ("ლოკომოტივი", რუსეთი)

"რუსთავის" იმედისმომცემი შემტევი ხვიჩა კვარცხელია კარიერას რუსულ "ლოკომოტივში" გააგრძელებს. ქართველმა შემტევმა "რკინიგზელებთან" 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრების მცველი უნგრეთის ყველაზე ტიტულოვან და მიმდინარე სეზონის ლიდერ გუნდში, „ფერენცვაროშში“ აღმოჩნდა. ოფიციალურ დონეზე არ გაჟღრებულა კონტრაქტის ხანგრძლივობის ვადა.

„ფერენცვაროში“ 18 ტურის შემდეგ 39 ქულით ლიდერია და წესით, ჩემპიონობა არ გაუჭირდეს. შეგახსენებთ, ლაშა აქამდე პოლონური „პოგონის“ რიგებში ირჯებოდა.

ავთო ებრალიძე („ნასიონალი“, პორტუგალია)

ავთო ებრალიძემ „შავესში“ 6 თვე გაატარა და გუნდთან იანვრის დასაწყისში კონტრაქტი გაწყვიტა. რამდენიმე დღე ჩვენებური უგუნდოდ იყო, მაგრამ სამსახური მალევე იპოვა.

შედეგად, ებრალიძე „ნასიონალის“ წევრი გახდა და კონტრაქტი მხარეებს შორის მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა. ავთო „ნასიონალში“ გიორგი არაბიძის თანაგუნდელი იქნება. მოგეხსენებათ, მადეირელები პორტუგალიის მთავარ ლიგაში გამოდიან.

გიორგი მაკარიძე („ვიტორია სეტუბალი“, პორტუგალია)

დაახლოებით იგივე ისტორია გადახდა თავს გიორგი მაკარიძეს. დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ ქართველმა კიპერმა „რიუ ავე“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. დაახოებით ორ კვირაში კი, მისი ტრანსფერი „ვიტორია სეტუბალმა“ დაადასტურა.

მხარეებმა კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმეს. სავარაუდოდ, გიორგი „ვიტორიას“ პირველი მეკარე იქნება. ყოველშემთხვევაში, ყველაფერი აქეთკენ მიდის.

ბუნებრივია, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ ქართველები შესაძლოა კიდევ ვიხილოთ ახალ გუნდებში. რა თქმა უნდა, ეს ეხება იმ მოთამაშეებს, რომლებიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ და ახალ გუნდში ჩარიცხვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ამ დროისთვის უნდა გამოვყოთ ორი ფეხბურთელი - თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც „კრასნოდართან“ კონტრაქტი გაწყვიტა, ამ დრომდე უგუნდოდაა და გიორგი ჭანტურია. მანაც დატოვა „ურალი“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ ჯერჯერობით ახალ გუნდში არ გადასულა.

და ბოლოს, რა თქმა უნდა, საინტერესოა გავიგოთ თქვენი აზრიც. ამიტომ, გთავაზობთ გამოკითხვას - როგორ აფასებთ ქართველი ფეხბურთელების იანვრის სატრანსფერო პერიოდს?..

გამოკითხვა
როგორ აფასებთ ქართულ ტრანსფერებს იანვარში?
ხმის მიცემა შედეგი
0.16977