ფეხბურთი

19:19 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ადრე არავის ვაინტერესებდი, ახლა ყველას სურს ჩემი შეძენა" - ძაპატას შეცვლილი კარიერა

ბერგამოს „ატალანტა“ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია იტალიურ ფეხბურთში. გუნდი, რომელიც ლაღ, შემტევ ფეხბურთს ქადაგებს, ბარე-ორ გუნდს რომ შეშურდება. გასულ სეზონში ბერგამოელები ევროპა ლიგაზეც თამაშობდნენ, სადაც პლეი-ოფში „დორტმუნდთან“ დრამატულად წააგეს.

წელსაც ჰქონდათ შანსი ევროპა ლიგაზე ეთამაშათ, მაგრამ ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. „კოპენჰაგენთან“ ლომბარდიელები 180 წუთში კოლოსარულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და საბოლოოდ, პენალტების სერიაში წააგეს.

თუმცა, ამას გუნდზე ცუდად არ უმოქმედია და იტალიის სერია A-ში წარმატებით თამაშობს. სხვათა შორის, ჯამპიერო გასპერინის გუნდს ყველაზე მეტი გოლი აქვს ამ დროისთვის გატანილი (47). ამ მხრივ, ბერგამოელები „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ სჯაბნიან. მოკრძალებული „ატალანტა“ სწორედ მას შემდეგ გახდა ფეერიული და საინტერესო გუნდი, რაც გასპერინიმ ჩაიბარა, რომელმაც მთლიანად შეცვალა სათამაშო ფილოსოფია. თუმცა, დღეს არა გასპერინზე, არამედ დუვან ძაპატაზე ვისაუბრებთ.

27 წლის კოლუმბიელი ფორვარდი, რომელიც აქამდე მეორეხარისხოვან ფეხბურთელთა კატეგორიაში თუ შედიოდა. დღეს კი, ყველას მისი სახელი აკერია პირზე. რატომ? ძაპატამ ბოლო 10 თამაშში 17(!) გოლი გაიტანა მსგავსი შედეგით თავს ვერავინ იწონებს. მათ შორის, ვერც ლიონელ მესი და ვერც კრიშტიანუ რონალდუ!

ძაპატას, რომელმაც არაერთი გუნდი გამოიცვალა („ნაპოლი“, „უდინეზე“, „სამპდორია“), კარიერაში საუკეთესო შედეგი აქვს. სერია A-ში აქამდე „სამპდორიას“ მაისურით გატანილი 11 გოლი იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთ სეზონში, ახლა კი, „ატალანტას“ რიგებში უკვე 15 გოლი მიითვალა. კოლუმბიელი ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც მისი შეძენა არცერთ გუნდს არ უნდოდა, ახლა კი, კალთებს ახევენ:

„ადვილია იმის თქმა, რომ ახლა ძლიერი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს გვერდით იყო. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდია. საიდუმლო არაა, რომ ყოველწელს უფრო მეტს ვიტან. ადრე, ჩემი დამატება არავის უნდოდა, ახლა კი ყველაფერი პირიქითაა, ყველას ჩემი ყიდვა უნდა. თუმცა, ჩემი ფიქრები მხოლოდ „ატალანტას“ უკავშირდება“, - ამბობს ძაპატა.

სამხრეთ ამერიკელი „ატალანტას“ 2018 წლის ზაფხულში გენუის „სამპდორიადან“ შეუერთდა. თავდაპირველად დუვანს ძალიან გაუჭირდა „ლა დეას“ („ატალანტას“ მეტსახელი - ავტ) რიგებში ფეხის მოკიდება და ბევრი კრიტიკოსიც ჰყავდა. ლოგიკურიც იყო - საწყის 13 მატჩში თავი ერთადერთხელ გამოიჩინა.

„თავდაპირველად ვცდილობდი ადაპტირებას, მაგრამ ეს გარემო იყო მშვიდი და ვიცოდი, რომ ყველაფერი მოვიდოდა. ყოველთვის ვამტკიცებთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა დადებითი შედეგების ჩვენება. გასპერინი? მასთან მუშაობა კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს უნარებს, მისი როლი ფუნდამეტურია, ყოველთვის მეუბნება, რომ უკნიდან არ ვითამაშო“, - თქვა დუვანმა.

თუმცა, დეკემბრიდან მოყოლებული ყველაფერი შეიცვალა. ძაპატამ სერია A-ს უკანასკნელ 8 მატჩში 14(!) გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ფაბიო კვალიარელას ჩამორჩება (კინკილა გოლით). ამას უნდა დავუმატოთ ამავე პერიოდში იტალიის თასზე ორ შეხვედრაში გატანილი 3 გოლი და გამოდის, რომ 10 მატჩში 17-ჯერ გამოიჩინა თავი.

საინტერესოა, რომ 27 წლის კოლუმბიელმა ტურინის „იუვენტუსს“ 2 მატჩში 4 გოლი გაუტანა (26 დეკემბერს, სერია A-ში, 2:2 და 30 იანვარს, იტალიის თასზე, 3:0)! როგორი საქმეა, „იუვე“ 180 წუთში 4-ჯერ დაამწუხრო?! ამ შედეგს ბევრი მოაწერდა ხელს და ინატრებდა კიდეც. სხვათა შორის, ძაპატას იქამდეც ჰყვადა „იუვენტუსი“ დამწუხრებული, 2017 წლის გაზაფხულზე „უდინეზეს“ და იმავე წლის შემოდგომაზე „სამპდორიას“ მაისურით. დუვანი „ბებერი ქალბატონის“ წინააღმდეგ შედეგიან თამაშს შემდეგნაირად ხსნის:

„რატომ ვუტან ყოველთვის „იუვენტუსს“? შესაძლოა იმიტომ, რომ „ნაპოლიში“ ვთამაშობდი“, - აღნიშნა ძაპატამ.

დუვან ძაპატას ზღაპრული დროება გრძელდება. უკვე 10 თამაშია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და საინტერესო, ვინ და როდის შეაჩერებს კოლუმბიელს, რომელიც დღეს ევროპაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. ჰო, ცნობისთვის, ხსენებული 17 გოლიდან ოთხი "იუვენტუსს" გაუტანა, ასევე დაამწუხრა, "ნაპოლი", "რომა", "ლაციო", იყო პოკერი "ფროზინონესთანაც"...

0.113358