პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში, დასრულდა პირველი საშეჯიბრო დღე და გამოვლინდა ის 48 მონაწილე, რომლებიაც რეიტინგის საუკეთესო 16 მოფარიკავესთან ერთად მედლებისათვის გააგრძელებენ ბრძოლას.
2 თებერვალს საუკეთესოთა შორის სამი ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე და ნიკა შენგელია. სანდრომ საუკეთესო 64 შესასვლელად რუსი როსტისლავ კრასილნიკოვი 15:8 დაამარცხა, ბექამ იტალიელ ლეონარდო დრეოსის 15:12 აჯობა, ნიკამ კი კოლუმბიელ მარიო აბერტო პალასიოს მურილიოს 15:3 მოუგო. ერთი ნაბიჯი დააკლდა საუკეთესოთა შორის მოსახვედრად მიხეილ მარდალეიშვილს. მიშა პოლონელ იაკუბ ოცინსკისთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დამარცხდა.
დღეს, T64-ში, საქართველოს დროით 13:00 საათიდან ნიკა შენგელია FIE-ს რეიტინგის მე-5 ნომერს, სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰს შეხვდება, 13:30-ზე - ბექა ბაზაძე FIE-ს რეიტინგის 32-ე ნომერ, გამოცდილ, 32 წლის უნგრელ შანად გემეშს, ხოლო 14:30-ზე სანდრო ბაზაძე - FIE-ს რეიტინგის 43-ე ნომერ, იტალიელ დარიო კავალიერის.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური