ფეხბურთი

22:07 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე შესარჩევ ეტაპზე თამაში გაინაღდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე თამაში გაინაღდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისში მიმდინარე პირველი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ისრაელს უმასპინძლა და გერმანიის დარად, ადვილად დაამარცხა.

უფრო სწორნი ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ გაცილებით ადვილადაც, ვიდრე ალემანები - 7:0. საქართველოს ნაკრებმა საგრძნობი უპირატესობა დასაწყისშივე მოიპოვა და უკვე მეათე წუთისთვის გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი. მას შემდეგ, რაც თალესმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, ხოლო თოფურიამ და ფუმასამ თითოჯერ დაამწუხრეს მეტოქე.

მეორე ტაიმში ასათიანის გუნდს კარგი ვარჯიში გამოუვიდა და უპირატესობა ნიყვაშვილისა და ჯვარაშვილის გოლებით გაზარდა. საბოლოოდ 7:0, რითაც საქართველომ არათუ გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა, არამედ პირველი ადგილიც დაიბევა.

დღესვე, ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში გერმანიამ დანიას 5:2 მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო ტურში 2 თებერვალს, საქართველოს ნაკრები სწორედ დანიას დაუპირისპირდება. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ამ შეხვედრას ჩვენი გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს.

საქართველო - ისრაელი 7:0 (5:0)

გოლები: 1:0 თალესი (03:13), 2:0 თოფურია (05:05), 3:0 თალესი (08:30), 4:0 ფუმასა (05:05), 5:0 თალესი (10:00), 6:0 ნიყვაშვილი (23:36), 7:0 ჯვარაშვილი (35:46)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 27 (15) – 4 (3) კუთხურები: 8:2 გაფრთხილება: 1:0 ძელი (ხარიხა): 1:1 ჯარიმა: 2:1

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველ ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი ორი მეტოქე უკვე ცნობილია - ესპანეთი და პოლონეთი. მესამე მეტოქის ვინაობა კი, ჯერ უცნობია და H ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება (ფინეთი, მოლდოვა, ჩრდ. ირლანდია, უელსი - ერთ-ერთი). მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩებს (საქართველოს ჯგუფს) პოლონეთი მიმდინარე წლის ოქტომბერში უმასპინძლებს.

0.11706