იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსს“ დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომაც, იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები „პარმას“ კაპიტნის, ბრუნო ალვეშის სეზონის ბოლომდე იჯარით გაფორმებას ეცდებიან.
„იუვეს“ დიდი ხანია დაშავებული ჰყავს ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი ბოლო ორი მატჩის შემდეგ დაშავდნენ, ხოლო მეჰდი ბენატიამ გუნდი დატოვა. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ერთადერთი ცენტრალური მცველი დარჩა - დანიელე რუგანი.
„ატალანტასთან“ (0:3) წაგებულ შეხვედრაში კიელინი პირველივე ტაიმში შეცვალეს, ხოლო მისი ადგილი ცენტრში მატია დე შილიომ დაიკავა და ტურინელებმა ამის მერე გაუშვეს სამი გოლი (აქედან ორი დე შილიოს შეცდომით).
„იუვენტუსმა“ მარტინ კასერესი ორი დღის წინ დაიმატა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ეს საკმარისი არაა. „იუვეს“ ძალიან ცოტა დრო აქვს, რომ „პარმა“ 37 წლის პორტუგალიელის გაშვებაზე დაიყოლიოს, რომელიც გუნდის ლიდერია. სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და ტრანსფერიც უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს.
გარდა ამისა, ტურინელთა სათადარიგო ვარიანტი „ბეშიქთაშის“ ხორვატი მცველი დომაგოი ვიდა გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ ბონუჩი დაახლოებით ერთი თვე იუქმებს, ხოლო კიელინის დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია.