გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” მონტენეგროს თასის მეოთხედფინალში “იბარ როჟაიე” 105:54 გაანადგურა, 19 წლის ქართველი კალათბურთელი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
შეხვედრის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ბითაძეს მოედანზე ყოფნა მხოლოდ 17:25 წუთი მოუწია, თუმცა, მორიგი შთამბეჭდავი თამაშის ჩასატარებლადა და ორმაგი დუბლის შესასრულებლად ეს დროც ეყო.
გოგას მონაგარი 13 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ. ქართველმა ცენტრმა 5-ვე ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შედეგიანობის მხრივ, ჩვენებურს მხოლოდ დანილო ნიკოლიჩმა აჯობა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ პოდგორიცელებს მომდევნო და გაცილებით მნიშვნელოვანი დაპირისპირება უკვე ხვალ ელით. 1 თებერვალს “ბუდუჩნოსტი” ევროლიგის ეგიდით მოსკოვის ცსკა-ს ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.