ფეხბურთი

22:22 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

დამაჯერებელი სტარტი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისში D ჯგუფის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლა და ძალიან ადვილად დაამარცხა.

ქართველები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში შეიძლებოდა გაცილებით სოლიდური ყოფილიყო, რომ არა გერმანელთა კარის დარაჯი, რომელმაც საკუთარი გუნდი არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან. რიგ ეპიზოდებში კი, მასპინძლებს უბრალოდ არ უმართლებდათ.

მიუხედავად ამისა - 5:1. ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო საქართველომ შესარჩევი ეტაპი. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც რონინიოსა და სიმი საიოტის გოლებს გერმანელი სიოზერის ავტოგოლიც დაემატა.

მეორე ნახევარშიც არ შეცვლილა თამაშის სურათი და შედეგად, ანგარიშის სხვაობა გაიზარდა. ჯერ არჩილ სებისკვერაძემ გაისროლა და მეტოქის კარის ცხრიანი ულამაზესი, უძლიერესი, ეფექტური დარტყმით დალაშქრა, ხოლო მალევე, საიოტმა დუბლი გაიფორმა. გერმამანიამ ბოლოსწინა წუთზე მოახერხა ანგარიშის დასველება ერდემის გოლით და ეს ოდენ პრესტიჟის გოლი გამოდგა, რომელსაც ბუნებრივია, ბევრი არაფერი შეუცვლია.

დღესვე, ჩვენი გჯუფის მეორე მატჩი დანიისა და ისრაელის ნაკრებებს შორის ფრედ (1:1) დასრულდა და ამრიგად, საქართველო უკვე პირველი ტურის შემდეგ ერთპიროვნულად გალიდერდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ტურის შეხვედრას ხვალ ისრაელთან ჩაატარებს, ხოლო 2 თებერვალს, დასკვნით ტურში დანიას დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მატჩზე დასწრება თავისუფალია.

საქართველო - გერმანია 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 რონინიო (10:10, პენ), 2:0 სიოზერი (12:03, ა.გ), 3:0 საიოტი (16:02), 4:0 სებისკვერაძე (31:34), 5:0 საიოტი (32:02), 5:1 ერდემი (38:47)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 39 (24) – 15 (8) კუთხურები: 9:7 გაფრთხილება: 1:0 ჯარიმა: 5:7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113366