საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის თანამშრომლობა გრძელდება. დღეს, „ჰიუნდაის“ ცენტრში მხარეებს შორის, სასპონსორო თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ ხელმძღვანელმა დავით გიორგობიანმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა მოაწერეს. უკვე 12 წლია, რაც „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორია, ხოლო განახლებული ხელშეკრულების თანახმად, „ჰიუნდაი“ 2019 წლის სექტემბერში 18-წლამდელმა ევროპის 3X3 ჩემპიონატის სპონსორიც იქნება, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
გარდა ამისა, „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ კალათბურთის ფედერაციას 2 ახალი ავტომობილი გამოუყო, რომელიც როგორც ეროვნული ნაკრების მომზადების, ისე შიდაჩემპიონატების ორგანიზებას მოემსახურება.
„უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო „ჰიუნდაის“ პრეზიდენტ, ყოფილ კალათბურთელ დავით გიორგობიანს. მართლაც, რომ მეცენატს, მისაბაძ მაგალითს სხვა კომპანიებისთვის. უკვე ამდენი წელია გვერდში გვიდგას, მხარდაჭერას გვიცხადებს, მთელი ენერგიით, რომელსაც ყველა ერთად ვხედავთ. დღევანდელი დღე სწორედ იმის დასტურია, რომ უკვე 13 წელია გრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ეროვნული ნაკრების სპონსორია უკვე დიდი ხანია და ახლა თბილისში გასამართ 18-წლამდე 3X3 ევროპის ჩემპიონატის სპონსორიც იქნება, რომელიც დიდი ღონისძიებაა. ამასთან, ის საჩუქრები, რომელიც გადმოგვცა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია „ჰიუნდაის“, - განაცხადა პაატა გურასპაულმა.
„დავიწყოთ იქედან, რომ ძალიან მიყვარს კალათბურთი, ქართული კალათბურთის გულშემატკივარი ვარ. დღევანდელი ღონისძიებაც იმის დასტურია, რომ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით იასპარეზოს“, - თქვა „ჰიუნდაი ავტო საქართველოს ხელმძღვანელმა დავით გიორგობიანმა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაიმართა ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის პრეზენტაცია, რომელსაც მონაწილე გუნდების წარმომადგენლები დაესწრნენ. ეს ტურნირი 2006 წლიდან იმართება და ბოლო 2 წელია ცნობილი კალათბურთელების მშობლიური ქალაქი, ქუთაისი მასპინძლობს.
წელს ტურნირში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობა, რომლებიც ორ ოთხგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
A ჯგუფი
„დინამო“, „დელტა“, „მგზავრები“, „ბათუმი“
B ჯგუფი
„ქუთაისი“, „თსუ-ჰიუნდაი“, „ოლიმპი“, „კაკტუსი“
„ორმაგად სასიხარულოა, რომ ტურნირს ისევ ქუთაისი მასპინძლობს. მოგეხსენებათ, ბოლო სამი ტურნირის გამარჯვებული „ქუთაისია“ და ახლაც ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვპოვოთ. რვა გუნდი იღებს მონაწილეობს და დარწმუნებული ვარ, დიდი ბრძოლა იქნება და კარგი სანახაობა გველის. მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისის მუნიციპალიტეტს, რომელიც ორგანიზებას უწევს ამ ტურნირს და ვფიქრობ, კიდევ ერთი დღესასწაული გველოდება“, - თქვა „ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.
ჯგუფური ეტაპი 4-დან 6 თებერვლამდე ჩატარდება, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდები ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, რომელიც 8 თებერვალს ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.