საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სპეციალისტმა განცხადება ძიუდოს კლუბ „შევარდენი 2005“-ის ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა. აი ისიც:
„როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დანიშნული ვიქენ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა რომელიც ფედერაციაში შეიქმნა, შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებეელია. რა თქმა უნდა, მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის დაცვა, მაგრამ დღეს არის ის ვითარება როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები, როგორც რიგითმა მწვრთნელმა, ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ“ - დაწერა გურამ მოდებაძემ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცად მოდებაძე 17 დეკემბერს დაინიშნა და თანამდებობაზე მხოლოდ ექვსი კვირა იმუშავა. მისი შემცვლელის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.