სხვა

22:10 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰაცუ ბაშოს შეჯამება

ვეტერანმა ტამავაშიმ “იმპერატორის თასის” მოპოვება კარიერაში პირველად მოახერხა. 34 წლის მონღოლმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართულ წლის პირველ სუპერტურნირზე 13 გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონობა არავოს დაუთმო.

ხაზვისა და მონღოლური ენების მასწავლებლების შვილს პროფესიულ დოჰიოზე დებიუტი 15 წლის წინ ჰქონდა. ბატჟარგალინ მუნხორგილი იაპონიაში დის კვალად გადაბარგდა. შესაბამისად, მიატოვა ულან-ბატორის უნივერსიტეტში სწავლა, სადაც სასტუმროს მენეჯმენტის საფუძვლებს ეუფლებოდა.
მაღალი ახალგაზრდა კატაონამის სკოლაში კიოკუსიუძანის პროტექციით მოხვდა. მონღოლური პროფესიული სუმოს პიონერთან თანამემამულე კაკურიუმ დააკავშირა.
საინტერესოა, რომ 15-წლიანი კარიერის განმავლობაში, ტამავაშის ავადმყოფობისა და ტრავმის გამო, არცერთი ბრძოლა არ გამოუტოვებია.
მონღოლმა არწივმა ბიძგებით შეტევის ტექნიკა სრულყოფილებამდე უკვე ზრდასრულ ასაკში, 30 წლის შემდეგ აიყვანა, როდესაც სასტარტო შეჯახებისთვის იდეალური კუთხე მონახა.
ბატჟარგალინ მუნხორგილმა “იმპერატორის თასთან” ერთად 2 პრესტიჟული პრემია მიიღო და ეს სწორედ იმ დღეს მოხდა, როდესაც მას მე-2 ვაჟი გაუჩნდა.
ტამავაშის შუკუნშო იოკოძუნებისა და ოძეკების ძლევისთვის ერგო, ხოლო კანტოშო – მებრძოლი სულის გამოვლინებისთვის. შედეგად, უკვე მარტში, საგაზაფხულო სუპერტურნირზე, შესაძლოა, ოძეკის წოდების მდლობელი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ჰაცუ ბაშოს ბოლომდე მისვლა ვერცერთმა დიდმა ჩემპიონმა ვერ მოახერხა. 72-ე იოკოძუნა კისენოსატომ შეჯიბრიდან ჩამოშორება სტარტზე 3 მარცხის მერე გადაწყვიტა.
71-ე იოკოძუნა კაკურიუს 3 წაგება ბაშოს 6 დღის თავზე აღმოაჩნდა და მანაც გაცლა ამჯობინა, ყველაზე დასანანი ამბავი კი 69-ე იოკოძუნას შეემთხვა. ჰაკუჰომ შეჯიბრი მიჯრით 10 გამარჯვებით დაიწყო, თუმცა, ტრავმები მიეძალა, ზედიზედ 3-ჯერ დამარცხდა და ბაშოდან მოიხსნა.
ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი, რომელმაც გასული წლის იანვარში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, კადობანში მეორედ აღმოჩნდა.
ლევან გორგაძემ ბარძაყის ტრავმა ჰაცუ ბაშოს სტარტამდე 8 დღით ადრე მიიღო და მართალია, ტურნირში ჩართვა არჩია, 4 მარცხის თავზე ასპარეზობას გამოეთიშა.
ახლა, ქართველ სუმოისტს მკაფიო მიზანი აქვს. ტოჩინოშინს ოძეკობიდან სეკივაკეობამდე დააქვეითებენ, თუკი მარტში, ოსაკაში, მინიმუმ 8 ორთაბრძოლას ვერ მოიგებს.
ოძეკებმა ტაკაიასუმა და გოეიდომ ტოკიოში 9-9 გამარჯვება იზეიმეს, ნოემბრის ტურნირის ტრიუმფატორი ტაკაკეიშო კი კვლავაც დამაჯერებლად გაისარჯა.
მას სეკივაკეს რანგში დებიუტი ჰქონდა და 11 მოგება მიითვალა, რისი წყალობითაც გინოშო (პრიზი ტექნიკური სრულყოფილებისთვის) დაიმსახურა.
22 წლის მებრძოლს დიდი შანსი ჰქონდა ოძეკის ტიტული დაემსახურებინა, თუმცა, ჰაცუ ბაშოს დასკვნით დღეს (სენსურაკუ) გოეიდოსთან წაიფორხილა და კარიერული წინსვლა გადაედო.
ტაკაკეიშო ტამავაშის მსგავსად, ოძეკობისთვის მარტში იბრძოლებს.
კომუსუბი მიტაკეუკიმ, რომელიც დოჰიოზე ბარძაყის ჯერაც მოურჩენელი ტრავმით დაბრუნდა, ჰაკუჰოს წარმატებული სერია შეწყვიტა, კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსირა და პრემია შუკუნშო დაიმსახურა.
ცუდი დღეები გადაიტანა კომუსუბი მიოგირიუმ, რომელსაც 10 მარცხი შეემთხვა და ჰირამაკუში გადაინაცვლებს ანუ რიგითი მაეგაშირა გახდება. ის სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) ადგილს ჰოკუტოფუჯის დაუთმობს.
მინიმალური უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) დააფიქსირა ბულგარელმა გოლიათმა აოიამამ.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ინაცვლებენ დაიამამი, დაიშომარუ, კოტოიუკი და ჩიოშომა. სამაგიეროდ, ელიტარულ მაკუუჩიში ვიხილავთ ტომოკაძეს, ტერუცუოშის, ტოიონოშიმას, ისიურას, დაისეჰოსა და ჯურიოს ჩემპიონ სიმანოუმის.
მინიმალური დადებითი ბალანსი (8 მოგება, 7 მარცხი) დააფიქსირა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა თეიმურაზ ჯუღელმა და სეკიტორის წოდება შეინარჩუნა.
2019 წლის მე-2 კლასიკური ტურნირი – ჰარუ ბაშო ოსაკაში 10-24 მარტს ჩატარდება, განახლებულ რეიტინგს იგივე ბანძუკეს კი იაპონიის სუმოს ასოციაცია 25 თებერვალს გამოაქვეყნებს.

0.16088