27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე, რომელმაც დღეს გამოქვეყნებულ WTA-ს რეიტინგში კარიერული რეკორდი დაამყარა, ავსტრალიაში რჩება და მიმდინარე კვირაში ლანკესტონის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ახალ კლასიფიკაციაში გორგოძემ 15-ადგილიანი წინსვლა განიცადა და 388 ქულით 149-ე ადგილზე იმყოფება, რაც მის უწინდელ მიღწევას 3 პოზიციით აღემატება.
ეკო ლანკესტონში ძირითად ბადეშია დაშვებული და საწყის რაუნდში მასპინძელ კიმბერლი ბირელს ეთამაშება. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მცირე სენსაცია შემოგვთავა, როდესაც ტურნირში "უაილდ ქარდით" ჩაება და 2 რაუნდის დაძლევა მოახერხა.
შედეგად, ბირელმა რეიტინგში 83-ადგილიანი წინსვლა განიცადა და ახლა, რეიტინგში 157-ე პოზიციაზე იმყოფება.
თუკი ისევ გორგოძეს დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ ის ლანკესტონში ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც მოსინჯავს, სადაც ირინა მარია ბარასთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი. ქართველი და რუმინელი ჩოგბურთელები ავსტრალიელ ალისონ ბაისა და ბრიტანელ გაბრიელა ტეილორს ეთამაშებიან.